ანჟეი დუდა - რუსეთის სხვადასხვა ფორმის აგრესიული ქმედებები გეოპოლიტიკურ სივრცეში არსებული ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა
რუსეთის სხვადასხვა ფორმის აგრესიული ქმედებები გეოპოლიტიკურ სივრცეში არსებული ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა, – ამის შესახებ ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ანჟეი დუდამ განაცხადა.
მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული საკითხი წარმოდგენილი იყო ნატო-ს სამიტზე გაკეთებული განცხადებების უმრავლესობაში, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებში.
„იყო ბევრი საუბარი იმ საკითხზე, რომლებიც პირდაპირ გვაშფოთებს ჩვენ, კერძოდ, აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოებასა და ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლის მნიშვნელობაზე, რაც არის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების, კოლექტიური თავდაცვის პრინციპული მუხლი. იყო ბევრი საუბარი პოტენციურ საფრთხეებზე, შემიძლია პირდაპირ ვთქვა, ეს საკითხი იყო წარმოდგენილი განცხადებების უმეტესობაში, მათ შორის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებებში. კერძოდ, სამწუხაროდ, კვლავ არსებობს რუსეთის მხრიდან აბსოლუტურო საფრთხე სხვადასხვა ფორმის აგრესიული ქმედებების სახით, უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესიის სახით და რომ ეს არის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა, რომელიც არსებობს გეოპოლიტიკურ სივრცეში, კერძოდ კი ევროპის ჩვენს ნაწილში“, – განაცხადა ანჟეი დუდამ.