ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს, ხელი მოაწერონ „დათქმას არჩევნებში კეთილსინდისიერად მონაწილების შესახებ“
ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს, ხელი მოაწერონ „დათქმას არჩევნებში კეთილსინდისიერად მონაწილების შესახებ“

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს, ხელი მოაწერონ „დათქმას არჩევნებში კეთილსინდისიერად მონაწილების შესახებ“.

აღნიშნული ინიციატივით გამოვიდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსატლანტიკური კომისია არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისთვის“, რომლის თავმჯდომარეც ანდერს ფოგ რასმუსენია.

„ამ ინიციატივის მიზანია არჩევნებში ჩარევის აღკვეთა და საქართველოს დემოკრატიის მდგრადობის ამაღლება საგარეო ჩარევის მიმართ. საგარეო ჩარევის განხორციელებაში ჩართულმა პირებმა იციან, რომ კანდიდატები გამარჯვებისთვის იბრძვიან, ამიტომ ისინი მზად არიან ნებისმიერთან იმუშაონ, რათა დამატებითი უპირატესობა მიიღონ. ამ დათქმით ჩვენ ვთხოვთ კანდიდატებს, დადონ პირობა, რომ უარს იტყვიან მავნებლურ აქტივობაში ჩართული საგარეო მოთამაშეებისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დახმარების მიღებაზე“, – განაცხადა ონლაინ შეხვედრაზე ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

რასმუსენმა ჩამოთვალა ის პირობები, რომელთა შესრულებისკენაც მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს. მათ შორის არის – „გაყალბებული ან მოპარული მონაცემების გამოყენებაზე უარის თქმა, ცრუ აუდიოსა თუ ვიდეოს გავრცელებისგან თავის შეკავება, კამპანიის კიბერსაფრთხეებისგან დაცვა, დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და სხვა.

მისივე თქმით, პირველად მსგავსი ინიციატივა 2019 წელს ევროპული არჩევნებზე გამოიყენეს. მოგვიანებით იგივე გაკეთდა კანადის არჩევნებზეც. ამავე დათქმას ხელი მოაწერა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა, რომელიც ამავე კომისიის დამფუძნებელთა შორისაა. დოკუმენტზე ხელმოწერას სთავაზობენ დონალდ ტრამპსაც.

როგორც რასმუსენმა აღნიშნა, საქართველოში დათქმას შეუერთდა ხუთი პარტია: „ქართული ოცნება“, „ევროპული საქართველო“ „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო.“