ანდერს ფოგ რასმუსენი - ნატო-მ არასწორი სიგნალი გაუგზავნა ვლადიმერ პუტინს, როდესაც 2008 წლის სამიტზე საქართველოსა და უკრაინა MAP-ი არ მისცა
ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა არასწორი სიგნალი გაუგზავნა ვლადიმერ პუტინს, როდესაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინა MAP-ი არ მისცა. ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა „ომისა და მშვიდობის ინსტიტუტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, პირადად ის 2008 წელს საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემის მომხრე იყო.
„ვფიქრობ, ჩვენ სწორი ნაბიჯები გადავდგით. კომუნიზმის დაშლისა და ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, ჩვენ გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორები ევროკავშირსა და ნატო-ში გაგვეწევრიანებინა; ეს სწორი გადაწყვეტილება იყო და ჩვენ გავაფართოვეთ ნატო და ევროკავშირი. შემდეგ, 2008 წელს, ბუქარესტში ნატო-ს სამიტზე ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები. ვფიქრობ, რომ ეს ასევე სწორი გადაწყვეტილება იყო. პირადად მე საქართველოსა და უკრაინისთვის მაშინ წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გადაცემის მომხრე ვიყავი. ვფიქრობ, ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა და ამის არგაკეთებით ჩვენ არასწორი სიგნალი გავუგზავნეთ პუტინს, როდესაც თავი შევიკავეთ წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემისგან. მან იფიქრა, რომ ახლა უფრო აგრესიული მოქმედება შეუძლია და ეს იმავე წელს გააკეთა; 2008 წლის აგვისტოში ის თავს დაესხა საქართველოს. დღევანდელი გადმოსახედიდან მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა მივყოლოდით ამ გზას, რათა მიგვეცა წევრობის სამოქმედო გეგმა საქართველოსა და უკრაინისთვის. ეს არ იქნებოდა წევრობის გარანტია, თუმცა იქნებოდა ძლიერი სიგნალი“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.