ანატოლი ბიბილოვი - ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებაზე უარის თქმა ამტკიცებს, რომ თბილისი აგრესიულ ქმედებებს შესაძლებლად მიიჩნევს
ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებაზე უარის თქმა ამტკიცებს, რომ თბილისი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ აგრესიულ ქმედებებს შესაძლებლად მიიჩნევს, – ამის შესახებ რუსულ სააგენტო Ria-სთან ინტერვიუში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა.
ანატოლი ბიბილოვის თქმით, იურიდიული დოკუმენტის არარსებობა შეშფოთებას იწვევს. ბიბილოვი ფიქრობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, სამხრეთ ოსეთთან მიმართებით თბილისის პოლიტიკა არ შეცვლილა.
„პოლიტიკა ვერც შეიცვლება, რადგან ამ პოლიტიკის რეჟისორი ვაშინგტონში ცხოვრობს. დღევანდელ დღეს საქართველოს ხელისუფლებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რას იტყვის ბიძია სემი, ვიდრე ის, რაც მათთვის უკეთესი იქნებოდა“, – ამბობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი.
რუსეთი, ცხინვალისა და აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებისგან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებას მოითხოვს. საქართველო საპასუხოდ ითხოვს, რომ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება რუსეთმა აიღოს.