ანალენა ბერბოკი - ევროპაში „რუხი ზონები“ აღარ უნდა დარჩეს, ევროკავშირს აქვს საერთო ამოცანა, მოვემზადოთ მომავლისთვის, ვიდრე ევროპულ მაგიდას ახალ სკამებს დავამატებთ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მტკიცე მხარდაჭერას იმსახურებენ.
ბერბოკის თქმით, დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის სტაბილურობა, უსაფრთხოება ევროკავშირისთვის გადამწყვეტია და ევროპაში „რუხი ზონები“ აღარ უნდა დარჩეს.
„ვერ დავუშვებთ, რომ ევროპაში სადმე რუხი ზონები კვლავ არსებობდეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა ჩავკეტოთ ფლანგები, რომელთა გამოყენებაც რუსეთს საკუთარი დესტაბილიზაციური, დეზინფორმაციული და შეღწევის პოლიტიკისთვის შეუძლია“, – განაცხადა ბერბოკმა მონტენეგროსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში ვიზიტით გამგზავრებამდე.
ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანია დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებს მხარს დაუჭერს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და, ზოგადად, მედეგობის განმტკიცებაში.
„განსაკუთრებით რუსეთის სასტიკი იმპერიალიზმის წინაშე გეოპოლიტიკურ აუცილებლობად იქცა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დასავლეთ ბალკანეთის ექვსი სახელმწიფოს მხარდასაჭერად. ასევე, ევროკავშირსაც აქვს საერთო ამოცანა, მოვემზადოთ მომავლისთვის, ვიდრე ევროპულ მაგიდას ახალ სკამებს დავამატებთ“, – განაცხადა ბერბოკმა.