მედიის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ვიზიტით ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. ბერბოკი ჩავა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მესამე ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრები ფოკუსირებული იქნება „ჰამასის“ მიერ დაკავებული გერმანელი მძევლების გათავისუფლებაზე, ღაზაში მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და გერმანიის დიპლომატიურ ძალისხმევაზე რეგიონული დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.
„ისრაელს აქვს უფლება და მოვალეობა, დაიცვას თავი „ჰამასის“ მიმდინარე სასტიკი ტერორისგან, რათა დაიცვას თავისი ხალხი. ამავდროულად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შემსუბუქდეს უდანაშაულო ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების საშინელი ტანჯვა“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა გამგზავრებამდე გაკეთებულ განცხადებაში.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მოძებნოს დამატებითი გზები და ვარიანტები ეფექტური ჰუმანიტარული დახმარებისთვის.