ანალენა ბერბოკი - უკრაინა თუ დაეცემა, რიგში შემდეგი ქვეყანა მოლდოვა იქნება
ანალენა ბერბოკი - უკრაინა თუ დაეცემა, რიგში შემდეგი ქვეყანა მოლდოვა იქნება

უკრაინა თუ დაეცემა, რიგში შემდეგი ქვეყანა მოლდოვა იქნება, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

ბერბოკის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა მეზობელი მოლდოვის გადარჩენის გარანტიაცაა.

„ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ უკრაინის მხარდასაჭერად, ასევე ნიშნავს სტაბილიზაციის ხელშეწყობას მოლდოვასთან მიმართებით“, – განაცხადა ბერბოკმა.

„აშკარაა, რა არის აქ ხალხის ყველაზე დიდი საზრუნავი: უკრაინა თუ დაეცემა, შემდეგი მოლდოვა იქნება“, – აღნიშნა ბერბოკმა.

ანალენა ბერბოკი კიშინეუში მოლდოვის პარტნიორობის პლატფორმას ფრანგ, რუმინელ, პოლონელ, ნიდერლანდელ და ლიეტუველ კოლეგებთან ერთად ესწრებოდა.

ამასთან, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, რომელიც რუსეთს მოლდოვის მთავრობის დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს, აღნიშნა, რომ მოლდოვა კვლავ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და პარტნიორებს მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდა.

„რუსეთის ომმა, რომელსაც ჩვენ პირველივე დღიდან ვგმობთ, უზარმაზარი ზიანი მიაყენა ჩვენს ეკონომიკას. ომით გამოწვეული გაურკვევლობა კვლავაც სერიოზულად აფერხებს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას და ასე გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ომი არ დასრულდება“, – განაცხადა სანდუმ.

პლატფორმის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებებს, რომლის მიხედვითაც, მოლდოვა სესხის სახით 300 მილიონ ევროზე მეტ თანხას მიიღებს.