ანალენა ბერბოკი - შემთხვევითობა არ არის, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაში მსოფლიო კრემლს ადანაშაულებს
შემთხვევითობა არ არის, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაში მსოფლიო კრემლს ადანაშაულებს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
„შემთხვევითობა არ არის, რომ მსოფლიო კრემლს უყურებს, როდესაც პუტინის ნდობით აღჭურვილი ყოფილი პირი მოულოდნელად ციდან ვარდება ორი თვის შემდეგ, რაც ამბოხის მოწყობა სცადა“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ანალენა ბერბოკის განცხადებით, ეს ყველაფერი ხაზს უსვამს რუსეთის ხელისუფლების დიქტატორულ სისტემას, რომელიც ძალადობას ეფუძნება.
„ჩვენ ვიცით პუტინის რუსეთში ეს კანონზომიერება: გარდაცვალებები, საეჭვო თვითმკვლელობები, ფანჯრიდან გადავარდნები, რაც გაურკვეველი რჩება. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს ხელისუფლების დიქტატორულ სისტემას, რომელიც ძალადობას ეფუძნება“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ათივე მგზავრი დაიღუპა. „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა. რუსული მედიის ცნობით, ავიაკატასტროფის ადგილზე ათივე ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.