ანალენა ბერბოკი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა
ანალენა ბერბოკი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „პარტია საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შესახებ.

„ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილზე, გვარამიაზე, რომ ისინი არიან პოლიტიკური პატიმრები. მიშას შემთხვევაში, მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და შეიძლება, უბრალოდ მოკვდეს. ეს ავუხსენით ქალბატონ ბერბოკს. მას ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ ევროკავშირის ეგიდით პოლონელი ექიმების ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ასევე, საქართველოს მომავალ განვითარებაზე. მაგალითად, დეპოლარიზაციაზე რომ ვსაუბრობთ, ეს ასევე უკავშირდება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. მიხეილ სააკაშვილი ციხეში თუ იქნება და მას მოკლავენ, ნიკა გვარამიას თუ არ გაუშვებენ, როგორ მივაღწევთ დეპოლარიზაციას? ეს ხომ წარმოუდგენელია. დაძაბულობის შემსუბუქება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი და ევროპელი კოლეგებისთვის პრიორიტეტიც კი, როდესაც საქართველოზე მიდგება საქმე.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა არის ძლიერი და გავლენიანი მოთამაშე, ბერლინში მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც შემდეგ პრაქტიკულად მთელ ევროპაზე აისახება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ბერბოკმა პრაქტიკულად გაიგო ჩვენი ხმა – რა უნდა ქართველ ხალხს, საით მიისწრაფვის. შეხვდა სამოქალაქო საზოგადოებას, სტუდენტებს, მოგვისმინა ჩვენც. ასევე ამბობს, მარტო ხალხს ვერ მივიღებთ, მთავრობა უნდა ახორციელებდეს რეფორმებსო, მთლიანად ქვეყანა უნდა იყოს უფრო დემოკრატიული, პოლიტიკური კლიმატი აბსოლუტურად განსხვავებული იმისგან, რაც დღეს არის, მეტი დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულება არ უნდა ედოს ჯიბეში ბიძინა ივანიშვილს, არ უნდა აყალბებდნენ. ასეთი გარემო უნდა იყოს ქვეყანაში, რომ კვალიფიცირდეს კანდიდატის სტატუსისთვის და შემდეგ ევროინტეგრაციის გზაზე შედგეს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.