ანალენა ბერბოკი - ისრაელის მთავრობამ უნდა დაიბრუნოს დაკარგული საერთაშორისო ნდობა, პირველ რიგში, დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარე დასახლებების პროექტების შეწყვეტით
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ისრაელს მოუწოდებს, „უფრო მტკიცე და თვალსაჩინო“ ზომები მიიღოს, რათა შეწყდეს დასავლეთ სანაპიროზე რადიკალი ახალმოსახლეების მიერ პალესტინელების მიმართ ძალადობა.
მისი თქმით, ისრაელმა ასევე უნდა თქვას უარი დასავლეთ სანაპიროზე „უკანონო“ დასახლებების პროექტზე.
„ნებისმიერი, ვინც თავს ესხმის ხალხს, იძულებით გამოჰყავს საკუთარი სახლებიდან ან ხოცავს მათ, პასუხისგებაში უნდა მიეცეს და მკაცრად დაისაჯოს. ისრაელის მთავრობამ უნდა დაიბრუნოს დაკარგული საერთაშორისო ნდობა, პირველ რიგში, მიმდინარე დასახლებების პროექტების შეწყვეტით“, – განაცხადა ბერბოკმა.
მან ასევე მოუწოდა ისრაელის არმიას, „ხელი არ შეუწყონ ახალ არასტაბილურობასა და ძალადობას“ დასავლეთ სანაპიროზე.
ანალენა ბერბოკი ისრაელში ახლო აღმოსავლეთში ორდღიანი ტურნეს ფარგლებში ჩავიდა. ის თავის კოლეგას, ისრაელ კაცს შეხვდა. ეს ბერბოკის რიგით მეცხრე ვიზიტია ისრაელში „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ. ერთი დღით ადრე გერმანელი დიპლომატი საუდის არაბეთსა და იორდანიაში იმყოფებოდა. იორდანიაში ანალენა ბერებოკმა ღაზაში მცხოვრები ლტოლვილებისთვის 50-მილიონიანი დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა.