ანალენა ბერბოკი - „ჰამასის“ ტერორმა კიდევ ერთხელ დააშორა რეგიონი მშვიდობას, ამ ტერორისტული თავდასხმების გამო არსებობს რეგიონული ესკალაციის წარმოუდგენელი საფრთხე
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ ტერორი ისრაელის წინააღმდეგ წარმოადგენს „გაუთვლელ საფრთხეს“ მთელი რეგიონისთვის და აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება.
ბერბოკი სიტყვით გამოვიდა ბერლინის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც განაცხადა, რომ შეიქმნა კრიზისული ჯგუფი, რათა ყურადღებით დააკვირდნენ სიტუაციას.
„პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ შაბათს დაიწყო ისრაელზე ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი თავდასხმა, მოკლა ათობით ადამიანი. „ჰამასის“ ტერორმა კიდევ ერთხელ დააშორა რეგიონი მშვიდობას. ამ ტერორისტული თავდასხმების გამო ახლა არსებობს დიდი რეგიონული ესკალაციის წარმოუდგენელი საფრთხე. მე შემიძლია, მხოლოდ გავაფრთხილო სხვები, რომ არ შეუერთდნენ ამ ტერორს”, – განაცხადა ბერბოკმა.
მან გააფრთხილა გერმანელები, რომ თავი შეიკავონ ისრაელში ან პალესტინის ტერიტორიებზე მოგზაურობისგან.
„სოციალურ მედიაში გავრცელებულ სასტიკი გატაცების საშინელ ვიდეოებს როდესაც უყურებ, სუნთქვა გეკვრება: ადამიანების, მოხუცების შიშით სავსე სახეები, ხალხი, ქალები, დედა ორ შვილთან ერთად, რომლებიც გაიტაცეს „ჰამასის“ მებრძოლებმა. „ჰამასის“ მიერ ეს გატაცებები ამაზრზენია და არღვევს ჰუმანიტარულ საერთაშორისო სამართალს. „ჰამასის“ ტერორი ახლავე უნდა შეწყდეს. გერმანიის მთავრობა სოლიდარულად დგას ისრაელის გვერდით. ისრაელს უფლება აქვს, საერთაშორისო კანონმდებლობაზე დაფუძნებით დაიცვას თავი ამ ტერორისგან”, – განაცხადა ბერბოკმა.