ანალენა ბერბოკი ევროკავშირს ირანის მიერ წარმოებულ უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებით სანქციების მიღებისკენ მოუწოდებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ევროკავშირს ახალი სანქციების მიღებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ანალენა ბერბოკის თქმით, ახალი სანქციები ირანის მიერ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგიების წინააღმდეგ უნდა ამოქმედდეს.
ბერბოკი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს მან საფრანგეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად აწარმოა კამპანია, რათა გახანგრძლივებულიყო სანქციები, რომლებიც უპილოტო საფრენ აპარატებს ეხებოდა. ევროკავშირის სანქცია კონკრეტულად ეხება დრონების ძრავების ექსპორტის აკრძალვას რუსეთში ან ნებისმიერ მესამე ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია რუსეთისთვის დრონების მიწოდება.
როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟურნალისტებთან აცხადებს, ამ რთულ ვითარებაში გერმანიისთვის მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად იმუშაოს, რათა ხელი შეუწყონ დეესკალაციას ახლო აღმოსავლეთში. ასევე, ცნობილია, რომ ბერბოკი დღეს ისრაელში რეგიონში არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ ჩავა.