ანალენა ბერბოკი - დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები სრულად შეესაბამებიან ევროკავშირს, ეს ლიტონი სიტყვები არ გახლავთ, მათი მიღება ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ევროკავშირში მიღება ევროპის ინტერესებშია. აღნიშნული განცხადება ანალენა ბერბოკმა სლოვენიაში გამგზავრებამდე გააკეთა.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებაში.
„დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები სრულად შეესაბამებიან ევროკავშირს. ეს ლიტონი სიტყვები არ გახლავთ. მათი მიღება ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ ევროპის ცენტრში რუსეთის იმპერიალიზმს, ევროკავშირი ვერ დაუშვებს „ნაცრისფერი ზონების“ არსებობას“, – განაცხადა ბერბოკმა.
ბერბოკის თქმით, კრიზისებით აღსავსე სამყაროში აუცილებელია ევროკავშირის ერთიანობა და სწრაფად, გამბედავად მოქმედება.
„ევროკავშირი უნდა დარჩეს უსაფრთხოების ღუზად ევროპისთვის, ყველა ჩვენგანისთვის“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ანალენა ბერბოკის განცხადებით, ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელია რეფორმების გატარება იმ ქვეყნებში, რომელთაც აქვთ სურვილი, გახდნენ ევროპული ოჯახის ნაწილი.
„ამასთან ერთად, ევროკავშირმა უნდა შეასრულოს დანაპირები და გადადგას შემდგომი ნაბიჯები გაფართოების კონტექსტში. ეს უნდა მოხდეს მაშინვე, როდესაც ყველა პირობა შესრულდება“, – განაცხადა ბერბოკმა.
ცნობისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ დასავლეთ ბალკანეთის ექვსივე ქვეყანა მიისწრაფვის, თუმცა ისინი ამ პროცესში სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებიან. ბრიუსელი გაწევრიანების შესახებ უკვე მართავს მოლაპარაკებებს სერბეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, მონტენეგროსა და ალბანეთთან. ჩრდილოეთ მაკედონიას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2005 წლიდან აქვს, მონტენეგროს – 2010 წლიდან, სერბეთს – 2012 წლიდან, ხოლო ალბანეთს – 2014 წლიდან.