„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა.
მისი შეფასებით, მთავრობის გადაწყვეტილება კონოსრციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურების დაწყების შესახებ უსაფუძვლო იყო.
„სამწუხაროდ, დღეს მთავრობამ კიდევ ერთი უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღო ჩვენი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით. იყო განცხადებები, ვითომ, ვერ შევასრულეთ ჩვენი ვალდებულებები. ესეც უსაფუძვლოდ მიგვაჩნია. ჩვენ ვერ მივიღებთ ამ ბრალდებებს, ძალიან დიდი შრომა გავწიეთ, ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ ამ პროექტის წარმატებაში. ინვესტირებულია 75 მილიონი. შესრულებულია გარკვეული სამშენებლო სამუშაოები, მოვიძიეთ თანხები ბანკებიდანაც, ინვესტორებისგანაც. გავაფორმეთ ხელშეკრულება ორ ოპერატორთანაც, შევარჩიეთ გენერალური კონტრაქტორიც, თუმცა არათუ გადამწყვეტი როლი ითამაშა მთავრობამ ჩამოთვლილი მხარეების მიერ წაყენებული გარკვეული პირობები, თუ მოთხოვნები განეხილა, მოეწვია ეს მხარეები, ესაუბრა, არამედ არც ისურვა კონსტრუქციულ საუბარში შემოსვლა“, – განაცხადა ახვლედიანმა.
მისი თქმით, ძალიან ცოტა იყო დარჩენილი შეთანხმებისა და პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.
„ჩვენ ვერ მივიღებთ ბრალდებას, რომ ვალდებულებები ვერ შევასრულეთ. პირიქით, მთავრობას უნდა აეღო მოწინავე როლი, ძალიან ცოტა იყო დარჩენილი, რომ შეთანხმება შემდგარიყო და პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო. სამწუხაროდ, ჩვენი წინადადებებით, რომლებიც მიგვაჩნია, რომ იყო ძალიან დაბალანსებული, რისკები გადანაწილებული და ძალიან მცირე დათმობები იყო საჭირო მთავრობის მხრიდან, რათა პირობები დაკმაყოფილებულიყო, მთავრობამ არ ისურვა კონსტრუქციულ საუბარში შემოსვლაც კი“, – ამბობს ლევან ახვლედიანი.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელის თქმით, მთავრობამ თავისი ქმედებებით პროექტი სერიოზულად დააზარალა.
„მთავრობის ამ ქმედებებით, თუ უმოქმედობით, დაზიანდა პროექტი, დაზიანდა ასევე კონსორციუმი, ამის მტკიცებულებები არსებობს. ასევე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, 2019 წლის პერიოდში ჩვენ შექმნილი გარემოებების მიუხედავად, შევძელით, დაგვეინტერესებინა არაერთი ინვესტორი, დღესაც არიან ასეთი დაინტერესებული ინვესტორები, რომლებიც ითხოვდნენ სულ მცირეს – მთავრობის მხრიდან შექმნილიყო კომფორტი მათი განსახორციელებელი ინვესტიციის თაობაზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“. ესეც კი ვერ მოხერხდა მთავრობის მხრიდან. ზოგ შემთხვევაში, პირდაპირი შეჩერების ნაბიჯი იყო გადადგმული, რათა კონკრეტული ინვესტორი არ შემოსულიყო პროექტში.
2017 წელს იყო კონკრეტული გადავადებები, რომელიც დასაბუთდა და ორმხრივად მოხდა შეთანხმება მთავრობასა და ჩვენს შორის ვადების გადაწევასთან დაკავშირებით. 2018 წელს ჩვენი მთავარი სპონსორების მიმართ წაყენებულმა ბრალდებებმა, რა თქმა უნდა, ძალიან დააზიანა პროექტი და ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააგდო ზოგადად პროცესი, როგორც ინვესტორების მოძიების, ისე ბანკებთან ურთიერთობის და მათთან მოლაპარაკებების კუთხით. ამიტომ ამ ორი პროცესის გამიჯვნა შეუძლებელია“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
მისი თქმით, ამ ვითარებაში კონსორციუმს ის დარჩა, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართოს.
„ამ ვითარებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ინვესტორებმა და კონსორციუმმა 75 მლნ დოლარზე მეტის ინვესტიცია განვახორციელეთ უკვე პროექტში, მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ჩვენ პრაქტიკულად აღარ გვრჩება სხვა გამოსავალი, მივმართავთ საარბიტრაჟო სასამართლოს. არის კონკრეტული იურიდიული პროცესები, რომლებიც გასავლელია, რომელსაც დავძრავთ და, რომლის დასრულებისთანავე მივმართავთ საარბიტრაჟო სასამართლოს“, – აღნიშნა კონსორციუმის ხელმძღვანელმა.
ლევან ახვლედიანის შეფასებით, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში გარდამტეხი იქნებოდა.
„ასეთი პროექტისთვის არ იქნა ყველაფერი გაკეთებული, რაც შეიძლებოდა, გაკეთებულიყო. არ იყო გადადგმული მცირედი ნაბიჯებიც კი, რომელიც პროექტის წარმატებით განხორციელებას შეუწყობდა ხელს. რა თქმა უნდა, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგადად მთავრობის მოტივაციას ამ პროექტთან მიმართებაში, კითხვის ნიშნის აყენებს ქვეშ პროექტის ბედს. ისევ და ისევ ზიანდება პროექტი და ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, მისი თქმით, მთავრობას არ აქვს უფლება, რომ ანაკლიის პორტის პროექტზე ხელახალი ტენდერი გამოაცხადოს.
„ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა უსაფუძვლოდ. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მთავრობას არ აქვს უფლება, ახალი ტენდერი გამოაცხადოს, თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლება, მთავრობამ მაინც გააკეთოს ეს და გამოაცხადოს ტენდერი, მაგრამ ვფიქრობ, ეს ცოტა კომიკურიც არის. ერთი მაგალითი მაინც დამისახელეთ მსოფლიოში, რომ სადაც ასეთ რეზონანსულ და მნიშვნელოვან პროექტთან მიმართებით ხელშეკრულება წყდება და იწყება სასამართლო-საარბიტრაჟო დავა, მაღალი რეპუტაციის მქონე ახალი ინვესტორების მოძიება ხერხდება, ეს წარმოუდგენელია“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს. აღნიშნული საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები.