ანაკლიაში მომხდარის თვითმხილველი - სასწრაფო დახმარების ჯგუფი სწრაფად მოვიდა, თუმცა ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე სწრაფად მოვიდა, თუმცა ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა, – ამის შესახებ პირველ არხს ანაკლიაში პროექტ „მანდალა-ზიანის შემცირების“ დამფუძნებელმა, თემო ხატიაშვილმა ანაკლიაში ფესტივალზე დაღუპულ ახალგაზრდასთან დაკავშირებით განუცხადა.
პროექტის „მანდალა-ზიანის შემცირება“ მოხალისეები ფესტივალ ECHOWAVES ტერიტორიაზე პატრულირებენ, ცდილობენ გამოავლინონ და დაეხმარონ იმ ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შედეგად თავს შეუძლოდ იგრძნობენ.
„ჩვენი მოხალისეები თავ-თავიანთ ზონებში პატრულირებენ და ერთმანეთთან რაციებით აქვთ კომუნიკაცია. 03:00 საათი იქნებოდა, როცა ერთ-ერთმა მოხალისემ რაციაში გადმოსცა, რომ ახალგაზრდა ბიჭი იყო ცუდად. დასახმარებლად გავიქეცი, მისვლისას დამხვდა სურათი, რომ ეს ადამიანი უკვე მოწყვეტილია, ძირს გდია, გარშემო ბევრი ადამიანი იყო შემოხვეული. ზოგი წყალს ასხამდა, ზოგი გულის მასაჟს უტარებდა. ჩვენი პროექტის მოხალისეებთან ერთად, აქ ასევე პატრულირებენ სამედიცინო უნივერსიტეტის გადამზადებული სტუდენტები. ისინი სამედიცინო მიმართულებით მუშაობენ, ჩვენ ნარკოტიკების კუთხით. ერთმანეთთან გვაქვს კავშირი.
ჩემი მისვლიდან რამდენიმე წამში მოვიდნენ ისინიც, დაუწყეს სამედიცინო მანიპულაციების გაკეთება. საკმაოდ მძიმედ გამოიყურებოდა სურათი. ერთადერთი რაც მაიმედებდა იყო ის, რომ სასწრაფო მართლა ძალიან სწრაფად მოვიდა ადგილზე, რომლებმაც პირველ რიგში იქიდან გადაიყვანეს ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო პუნქტში, სადაც გააგრძელეს სამედიცინო მანიპულაციები, შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ მაინც გარდაიცვალა. რთულია თქმა, მაგრამ ვფიქრობთ რომ ორი სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერება ჰქონდა მიღებული, რამაც რისკი ძალიან გაზარდა“, – განაცხადა თემო ხატიაშვილმა.
ანაკლიის სანაპიროზე მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სულ სამი ახალგაზრდა გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი გზაშივე დაიღუპა.
შსს-ში პირველ არხს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული.
ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი ECHOWAVES ტარდება.