„ანაკლია სითის“ გუნდი საქმიანი ვიზიტით ჰონგ კონგში გაემგზავრება
„ანაკლია სითის“ გუნდი საქმიანი ვიზიტით ჰონგ კონგში გაემგზავრება

27-28 ივნისს „ანაკლია სითის“ გუნდი, აღმასრულებელი დირექტორის, ქეთევან ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით საქმიანი ვიზიტით ჰონგ კონგში გაემგზავრება, სადაც სხვადასხვა საერთაშორისო და პარტნიორ კომპანიასთან შეხვედრებს გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია „ანაკლია სითისა“ და კომპანია China merchants da Kerry logistics-ის წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა.

„ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს ჰონგ კონგში გამართულ გლობალურ კონფერენციაში Belt and Road Summit და როგორც კონფერენციის სპიკერი, ჩინელ და საერთაშორისო ინვესტორებს ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის პროექტებს წარუდგენს. სამიტზე 3000-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, ინიციატივა „სარტყელისა და გზის“ მონაწილე ქვეყნების სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები და საერთაშორისო ინვესტორები. Belt and Road Summit-ი ორიენტირებულია ინიციატივის მონაწილე ქვეყნების  ბიზნესშესაძლებლობებისა და აზიის რეგიონში ინვესტიციების ხელშეწყობაზე.

აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში  ხელი მოეწერება საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის  თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. ამასთანავე, ღონისძიების სპეციალური ფოკუსი საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობებია.

„ანაკლია სითი“ ასევე შეხვედრებს გამართავს ანაკლიის პროექტით დაინტერესებულ ინვესტორებთან, მათ შორის China Merchants Group-ის მენეჯმენტთან, ვისთანაც „ანაკლია სითის“ გუნდი სამომავლო თანამშრომლობასა  და კორპორაციის ინტერესს განიხილავს. „სარტყელი და გზის ინიციატივის“ მონაწილე China Merchants Group-ი 20 ქვეყნის 53 პორტში ოპერირებს და ქმნის პორტების, ლოგისტიკის, ფინანსურსა და ინდუსტრიული პარკების გლობალურ ქსელს. შეხვედრა შედგება Hong Kong International Arbitration Center-ის წარმომადგენლებთანაც, სადაც ქალაქ ანაკლიის წარმომადგენლები პოტენციური თანამშროლობა და გამოცდილების გაზიარებას განიხილავენ.

Kerry Logistics-ი, რომელთანაც „ანაკლია სითი“ მემორანდუმს მოაწერს ხელს, აზიის რეგიონში სატრანსპორტო და ლოგისტიკური სერვისების ერთ-ერთი წამყვანი კომპანია და აბრეშუმის გზის ინიციატივის აქტიური მოთამაშეა.