სპეციალური ეკონომიკური ზონისა და ქალაქების ინოვაციური მართვის ექსპერტები „ანაკლია სითის“ პროექტში ერთვებიან
სპეციალური ეკონომიკური ზონისა და ქალაქების ინოვაციური მართვის ექსპერტები „ანაკლია სითის“ პროექტში ერთვებიან

„ანაკლია სითის“ მოწვევით, საქართველოში ქალაქებისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის ინოვაციური მართვის სისტემის ექსპერტები ჩამოვიდნენ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციით, ამერიკელი პროფესორი, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სამართლის ექსპერტი, Cato Institute-ის მკვლევარი ტომ ბელი და მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში ეკონომიკური ზონების განვითარების კონსულტანტი მაიკლ კასტლ მილერი უკვე თბილისში არიან.

დღეს, 18:30-ზე პროფესორი ტომ ბელი „თი-ბი-სი გალერეაში“ საჯარო ლექციას გამართავს თემაზე: „მომავლის ქალაქი“. ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტები ასევე შეხვდებიან სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

ვიზიტის მთავარი მიზანი „ანაკლია სითისთვის“ ქალაქისა და ეკონომიკური ზონის შესახებ კონსულტაცია, გამოცდილებისა და მსოფლიოს თანამედროვე და წარმატებული ანალოგების გაზიარებაა.

„ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაზე მუშაობისას ჩვენ მაქსიმალურად შევისწავლით მსოფლიოს გამოცდილებას, რათა გავითვალისწინოთ საუკეთესო ან შევქმნათ ახალი და განსხვავებული; რაც მთავარია, ამ ყველაფერში მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები და მკვლევრები იქნებიან ჩართულნი. დღესაც ჩვენ ამ სფეროში წამყვანი კომპანიების სპეციალისტებს ვხვდებით, ვინც ქალაქების მართვისა თუ იურიდიული კონსულტაციებით მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში მუშაობდნენ. ანაკლია განვითარდება საუკეთესო პროფესიონალების ჩართულობით“, – განაცხადა „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ანაკლია სითის“ გუნდისთვის მნიშვნელოვანია, აღნიშნულ სფეროში საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილების გაზიარების საშუალება საქართველოში სხვადასხვა სფეროს, მათ შორის ახალი თაობის წარმომადგენლებსაც მიეცეთ. ანაკლიის პროექტზე მუშაობისას საზოგადოების ჩართულობა და მათი მოსაზრებების მოსმენა მნიშვნელოვანია; ამიტომაც „ანაკლია სითის“ თხოვნით, პროფესორი ტომ ბელი საჯარო ლექციასაც მართავს.

ჩეპმენის უნივერსიტეტის პროფესორის, ტომ ბელის ექსპერტიზის სფეროებს შორისაა ინოვაციური მმართველობის სისტემები, ტექნოლოგიები, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სამართალი და საავტორო უფლებები. იგი აქტიურად მუშაობდა სილიკონის ველზე და ვაშინგტონში. პროფესორი ბელი Cato Institute-ის მკვლევარია და მუშაობდა ამავე ინსტიტუტის პოლიტიკის დირექტორად.

მაიკლ კასტ მილერი იურიდიული და პოლიტიკის განმსაზღვრელი მიმართულებით კონსულტაციას უწევს მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე განვითარებულ თანამედროვე ქალაქებს და ეკონომიკურ ზონებს, თანამშრომლობს მსოფლიო ბანკთან, გაერო-სთან და კერძო ინვესტორებთან. მილერის ჩართულობით ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ამერიკასა და აფრიკაში 16 ასეთი პროექტია განხორციელებული. მის სხვადასხვა პროექტებს შორისაა მწვანე ქალაქებისა და ჭკვიანი ქალაქების განვითარებაც, ისევე როგორც საჯარო და კერძო უწყებების პარტნიორობით განხორციელებული პროექტები.

„ქალაქი ანაკლია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პარალელურად, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარდება. თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული ქალაქი რეგიონში მნიშვნელოვან ბიზნესცენტრად მოიაზრება, სადაც განვითარდება ლოგისტიკური და ინდუსტრიული ზონა და სხვა მიმართულებები. ანაკლია მოიაზრება, როგორც სატელიტური ქალაქი, სადაც ურბანული დაგეგმარება დაეფუძნება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენებას, რაც გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და გახდის მას უფრო მიმზიდველს. ამ ეტაპზე „ანაკლია სითის“ გუნდი განაგრძობს პარტნიორობას მსოფლიოს ცნობილ სპეციალურ ეკონომიკურ ზონებთან და გადამზიდავ თუ ლოგისტიკურ კომპანიებთან; დაწყებულია მუშაობა ანაკლიის ქალაქგეგმარებით კონცეფციაზე რომელსაც წამყვანი ბრიტანული კომპანია BuroHappold Engineering-ი ახორციელებს“, – ნათქვამია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.