„ანაკლია სითი“ უმსხვილესი ყაზახური ეკონომიკური ზონის პარტნიორი გახდა
„ანაკლია სითიმ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ხორგოსის ეკონომიკურ ზონასთან, რომლის შემადგენლობაშიც მსოფლიოში უდიდესი მშრალი პორტი შედის.
ინფორმაციას ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს.
კონსორციუმის ინფორმაციით, ორ ეკონომიკურ ზონას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: პროექტების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია და ერთობლივი პროექტების განხორციელება.
„რამდენიმე ათას ჰექტარზე გაშენებული ხორგოსის ეკონომიკური ზონა ჩინეთისა და ყაზახეთის საზღვართან მდებარეობს. ის მოიაზრება, როგორც მნიშვნელოვანი კვანძი აბრეშუმის გზაზე და სტრატეგიული წერტილი ჩინეთისა და ევროპის ბაზრების დასაკავშირებლად. ანაკლიის პროექტის წარმომადგენლებმა ხორგოსში ეკონომიკური ზონა და მშრალი პორტის ტერმინალი მოინახულეს, ადგილობრივ გამოცდილებას გაეცნენ, მომავალი თანამშრომლობა განიხილეს და ღრმაწყლოვანიპორტის, ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტები წარადგინეს“, – ნათქვამია კონსორციუმის ინფორმაციაში.
ხორგოსი უკვე მეორე მსხვილი ეკონომიკური ზონაა, რომელთანაც „ანაკლია სითიმ“ თანამშრომლობა დაიწყო, სამხრეთ კორეის ინჩეონთან პარტნიორობის შემდეგ.
ყაზახეთში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქისა და ეკონომიკური ზონის წარმომადგენლების ვიზიტი 18 იანვარმდე გაგრძელდება.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება 2016 წელს, ხოლო პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო.
საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიის მიმდებარედ 340 ჰექტარის ფართობზე შენდება.
მის მიმდებარედ კი დაგეგმილია ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებლობა, რომელსაც „ანაკლია სითი“ ავითარებს.