ანა ნაცვლიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სარკე მიიტანა და კოლეგებს მიმართა, ჩაიხედონ და საკუთარი თავები დაინახონ
ანა ნაცვლიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სარკე მიიტანა და კოლეგებს მიმართა, ჩაიხედონ და საკუთარი თავები დაინახონ

„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განაცხადებით, ვიდრე არ გატარდება ინკლუზიური სასამართლო რეფორმა, სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნები არალეგიტიმურია. მისივე შეფასებით, სწორედ ამიტომ პარლამენტში დღეს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენები არ უნდა მიმდინარეობდეს.

ნაცვლიშვილმა ასევე მიმართა მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატს და აღნიშნა, რომ მას ნდობას ვერ გამოუცხადებს, რადგან ის არალეგიტიმურ პროცესში იღებს მონაწილეობას.

„თქვენ მონაწილეობთ პროცესში, რომელიც არის არალეგიტიმური. მე უნდა გამოგიცხადოთ ნდობა უზენაეს სასამართლოში მოსამართლის მანტიის მოსაცმელად, უვადოდ და თქვენ ამ ნდობის გამოცხადების მოლოდინი გაქვთ 150 დეპუტატისგან. მე როგორ უნდა გამოგიცხადოთ ნდობა, როდესაც თქვენ მონაწილეობთ პროცესში, რომელიც არ არის ლეგიტიმური, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა. კიდევ გაგიმეორებთ, შემდეგ რომ არ თქვათ, თითქოს არ იცოდით, რომ არალეგიტიმურ პროცესში მონაწილეობდით, დღეს აქ გასაუბრებები არ უნდა მიმდინარეობდეს, რადგან ყველამ, ვინც ამ საკითხში ერკვევა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, თქვა, რომ ვიდრე არ გატარდება ინკლუზიური სასამართლო რეფორმა, სასამართლოში დანიშვნები არალეგიტიმური, არასწორია, არღვევს კონსტიტუციურ სულისკვეთებას და სასამართლოს მიმართ ნდობას. რა უნდა იყოს თქვენი მთავარი ინსტრუმენტი, რათა დაარწმუნოთ მხარეები, რომ სწორ გადაწყვეტილებას იღებთ – ნდობა, მეტი თქვენ ხომ არაფერი გაქვთ. თქვენ ხომ პირდაპირი ლეგიტიმაცია არ გაქვთ, არ აირჩევით ხალხის მხრიდან. ახლა რა პროცესშიც ვმონაწილეობთ, ეს არის მიტაცებული პროცესი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, „მოსამართლეების ბედი გადაწყდება არა მოსმენებზე, არამედ პოლიტიკურ კულუარებში“.

„თქვენ სასამართლოში თქვენი დუმილით და სადაც ადგილს მიგიჩენენ, იმ ადგილით რომ კმაყოფილდებით, ასრულებთ არსებულ დავალებებს, ამიტომ ტრიალებს ამ ქვეყანაში ამ ქვეყანაში დიდი უსამართლობა, რომელსაც პატრონი არ ჰყავს. გული გაუსკდა რამდენიმე დღის წინ ადამიანს, გუშინ ამის ჩანაწერები გამოქვეყნდა და ასეთი ძალიან ბევრი საქმეა. იმიტომ ხდება ეს ყველაფერი, რომ თქვენ თქვენი გაგებით პატიოსნად მოსამართლეობთ და სინამდვილეში, მონაწილეობთ ძალიან დიდ სიყალბეში, რომელიც გასკდება აუცილებლად და თქვენ მოყვებით ამის მსხვერპლად. არ მინდა, რომ არც მსხვერპლი იყოთ და არც ჯალათი. ვითომ კითხვები ისმება, რა უნდა შეაფასოს ადაიანმა სამ საათში, ან პარლამენტმა კანდიდატი.

ეს ხომ თავიდან ბოლომდე ფარსია, ტყუილი, თქვენი ბედი ამ გასაუბრების შედეგად კი არ გადაწყდება, ეს გადაწყდება პოლიტიკურ კულუარებში, იმის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ახლა აქვს საკმარისი სურვილი, რომ დააკომპლექტოს თუ არა. შეურაცხყოფას კი არ გაყენებთ, სიმართლეს გეუბნებით და არ მოგწონთ ეს სიმართლე. თუ ეს არ გიქმნით დისკომფორტს, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. არც ერთ მოსამართლეთა კონფერენციაზე ხმა არ ამოგიღიათ იმ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, რაც იქ ხდება, სამარცხვინო პროცესი. მდუმარედ ხელებს წევთ, ბევრი კითხვა მქონდა გენდერული მიმართულებით, ბავშთა უფლებები, ბევრი ახალი გადაწყვეტილებაა ევროსასამართლოში და მათზე მაინტერესებდა თქვენი მოსაზრებები, სავალდებულო ვაქცინაციაზე, რომელი სამართლის სკოლის მიმდევარი ხართ, მაგრამ დუმილი, რომელსაც თქვენ ინარჩუნებთ წლების განმავლობაში, ოღონდ გზა გაიკვალოთ ზემდგომ ინსტანციებში, არის ყველაფერზე პასუხი. ამიტომ მადლობა, მე კითხვები არ მაქვს, მე მაქვს ცხადი გეგმა და ხედვა რეფორმის, რომელიც აუცილებლად განხორციელდება. სამწუხაროდ, ასეთი სპექტაკლების და ყალბი პროცესების ადგილი იქ არ იქნება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, ანა ნაცვლიშვილმა საყვედურით მიმართა ანრი ოხანაშვილს და აღნიშნა, რომ მან სხდომის დაწყებისას არ დაასახელა ის პოლიტიკური აქტორები, რომლებიც პროცესს უნდობლობას უცხადებენ და არ იმყოფებიან პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაზე.

„სხდომა გაიხსნა რეალობის გაყალბებით. ბატონო ანრი, როდესაც დაასახელეთ, რომელი ფრაქციები ესწრებიან, ასევე უნდა დაასახელოთ ის აქტორები, რომლებიც ამ პროცესს უცხადებენ უნდობლობას. ეს არ არის ერთი პოლიტიკური ძალა, ეს არის დიდი სპექტრი საპარლამენტო პარტიების, ეს არის სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციების ძალიან დიდი ნაწილი. ის, ვინც მონაწილეობს, მონაწილეობს იმიტომ, რომ ტაქტიკურად თვლის ასე, თორემ ამ პროცესს ნდობას არავინ უცხადებს. ამ პროცესში მონაწილეობთ და როგორ დავიჯერო, რომ თქვენ, როდესაც ამ სიყალბეს არ იმჩნევთ, შემდეგ თქვენთან გასაცოდავებული ადამიანი რომ მოვა სამართლის საპოვნელად, იქ სიმართლეს დაინახავთ და გეყოფათ გამბედაობა სიმართლის სათქმელად“, – განაცხადა ანა ნაცვილიშვიმა.

ანა ნაცვლიშვილმა სხდომის დატოვებამდე კოლეგებს სარკე მიუტანა და მიმართა, რომ ჩაიხედონ და საკუთარი თავები დაინახონ.

„კოლეგებო, ხელცარიელი არ მოვსულვარ, შეგიძლიათ, ჩაიხედოთ და დაინახოთ საკუთარი თავები“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა და ტრიბუნაზე სარკე დატოვა.