ანა ნაცვლიშვილი - ველოდებით მეხუთე რაუნდზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მის ხელშია
ჩვენ ველოდებით მეხუთე რაუნდზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რადგან პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მის ხელშია, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„გაყალბებული არჩევნები ერთი წუთით რომ დავივიწყოთ და საერთოდ გვერდით გადავდოთ, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში ამ დონის პოლიტიკური კრიზისი იქმნება, გადატვირთვა, ანუ ახალი არჩევნები არის მიღებული, სწორი და დემოკრატიული გამოსავალი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რჩება თუ არა ნიკა მელიასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გაგრძელების შესაძლებლობა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ „ლელოს“ არასახელმწიფოებრივი პოზიცია არ აქვს და ამ პროცესში მისი მიზანი დესტრუქცია და გახლეჩვა არ არის.
ანა ნაცვლიშვილმა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნები დაშინების, მოსყიდვისა და გაყალბების პირობებში ჩატარდა.
ანა ნაცვლიშვილმა დებატებში მონაწილე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასაც უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ შვიდმა პროცენტმა თქვა, რომ არჩევნებზე შემაშინებელი გარემო იყო, რაზეც ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ეს გამოკითხვა იყო სატელეფონო, რომელსაც „უშიშროება უსმენს და შესაბამისად, ეს მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა“.
როგორც „ლელოს“ წევრმა აღნიშნა, გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა იმდენად მაღალია, რომ ლოგიკაში არ ჯდება, მაგრამ ამას არავინ სწავლობს, რაზეც შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ სინამდვილეში, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 3,4%-ია, რაც ყველა ქვეყანაშია.
ამასთან დაკავშირებით ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ 3,4% ძალიან მაღალი ციფრია და ერთი ბიულეტენიც რომ იყოს გაბათილებული, მისი შესწავლა უნდა მოხდეს.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენია ბათილი ბიულეტენების რაოდენობა მათი მონაცემებით, ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერი ციფრებამდე არ დადის და ეს პრინციპის დონეზეა მნიშვნელოვანი.
ნაცვლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ყოველი დღე, როდესაც მიტაცებული არჩევნების შედეგად „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება, ყოველ 24 საათში ნიშნავს 50 000 ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ ამ ქვეყანაში აღარ დაედგომება.
„არა ის, რომ ეს ქვეყანა არ უყვარს და პატრიოტი არ არის, არამედ ამ ქვეყანაში უბრალოდ, აღარ დაედგომება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.