ანა ნაცვლიშვილი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევა არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროცესი და აუცილებელია, ყველამ მიიღოს აქტიური მონაწილეობა
საზოგადოების ფართო ჩართულობით შერჩეულ კანდიდატზე უარის თქმა დაადასტურებს ეჭვებს, რომ მმართველ პარტიას არ აქვს პოლიტიკური ნება, სასამართლო სისტემა გაუშვას თავისი კონტროლიდან, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურაზე გიორგი მარგველაშვილთან დაგეგმილ კონსულტაციებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროცესი და აუცილებელია, კონსულტაციებში ყველამ მიიღოს აქტიური მონაწილეობა.
„ორშაბათიდან ვიწყებთ კონსულტაციების ყველა პროფესიულ ჯგუფთან და საზოგადოებასთან, რომლებიც წლებია მუშაობენ მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებაზე. გვინდა, მაქსიმალურად ღიად მოხდეს შეჯერება ღირსეულ კანდიდატზე, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ამ მაღალ პოზიციას და, რომელიც შეძლებს, ამ ურთულეს ვითარებაში სასამართლო სისტემა წაიყვანოს გაჯანსაღებისკენ. შესაბამისად, ეს არ იქნება პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილება და ეს არ იქნება გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა. ეს იქნება საზოგადოების ფართო ჩართულობით შერჩეული ადამიანი, რომელზეც უარის თქმა, ნიშნავს ქართული საზოგადოებისთვის უარის თქმას და ეს დაადასტურებს ეჭვებს, რომ მმართველ პარტიას არ აქვს სურვილი და პოლიტიკური ნება, სასამართლო სისტემა გაუშვას თავისი კონტროლიდან და მისცეს შესაძლებლობა, ჯანსაღი პროცესების დაწყებას. ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროცესი და აუცილებელია, ყველამ მიიღოს აქტიური მონაწილეობა” – აცხადებს ნაცვლიშვილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ 2 აგვისტოს თანამდებობა დატოვა.