ანა ნაცვლიშვილი - უგულავას საქმე არის მორიგი პოლიტიკური რეპრესიის ტალღა, რომელიც ქვეყანას ანგრევს
ეს არის გაგრძელება იმ ფარსის, რომელსაც გვთავაზობს „ქართული ოცნება“, რადგან მას არ შეუძლია განვითარება, პროგრესი, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა თბილისის ყოფილ მერ, „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგი უგულავას საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ პოლიტიკური პროცესი მთლიანად პროკურატურასა და სასამართლოში გადაიტანა.
„მიზანმიმართულად არ შევალ სამართლებრივ განხილვაში, რადგან ამ საქმეს არ აქვს დღეს სამართლებრივი განზომილება. ერთადერთი განზომილება, რომელიც ამ საქმეს აქვს, არის პოლიტიკური განზომილება, მაშინ, როდესაც არაერთ პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერს პროკურატურაში და სასამართლოში დაატარებენ, კრიტიკული მედიასაშუალებების დამფუძნებლებისა და ხელმძღვანელების სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს და აქტივისტების მიმართ დგება უკანონო, უსამართლო გადაწყვეტილებები, ამ კონტექსტში ვერ იქნება ეს საქმე მხოლოდ სამართლებრივ გადაწყვეტილებად განხილული. ეს არის გაგრძელება იმ ფარსისა, რომელსაც გვთავაზობს „ქართული ოცნება“, რადგან მას არ შეუძლია, შემოგვთავაზოს განვითარება, პროგრესი, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, მთელი პოლიტიკური პროცესი მათ გადაიტანეს პროკურატურაში და სასამართლოში, რადგან მათ არ შეუძლიათ აკეთონ პოლიტიკა, მხოლოდ შეუძლიათ ძალადობა, ფარსი და ტყუილი“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება აშშ-ის საელჩოს განცხადებას, ნაცვლიშვილის შეფასებით, ხელისუფლება დასავლეთისგან დასაბუთებულად კრიტიკულ გზავნილებს იღებს.
„დასავლეთის პოზიციები ცნობილია, ბოლო პერიოდის განმავლობაში დღე არ თენდება, რომ ჩვენ არ ვიღებდეთ, ხელისუფლება არ იღებდეს დასაბუთებულად კრიტიკულ გზავნილებს, იქნება ეს ჩვენი ევროპელი, თუ ამერიკელი პარტიორები, რასაკვირველია, ისინი კარგად აცნობიერებენ და ხედავენ, რომ ამ საქმეში არის პოლიტიკური მოტივაცია. ვინც შეეცდება, სამართლებრივი ქარაგმებით აბურდ-დაბურდოს ეს საქმე, არ გამოუვა, რადგან ძალიან ნათელია, რომ ეს არის მორიგი პოლიტიკური რეპრესიის ტალღა, რომელიც, სამწუხაროდ, ამ ქვეყანას ანგრევს“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.