ანა ნაცვლიშვილი - თუ ვინმეს ჰგონია, ოპოზიცია დაიღლება, შესცივდება, მცდარი მოლოდინია, არ მაქვს ეჭვი, რომ პარლამენტში ვინმე შევა
„ლელო საქართველოსთვის“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ოპოზიციის ერთიანი პოზიცია არის და ყოველთვის იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარება.
მისივე თქმით, არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი იმისა, რომ ოპოზიცია დაიღლება.
„ჩვენ მზად ვართ მეხუთე რაუნდისთვის და იმისთვის, რომ ყველა ფორმატში დავაფიქსიროთ ის მოთხოვნა, რომელიც წარმოშვა 31 ოქტომბერს გაყალბებულმა არჩევნებმა. ოპოზოციის ერთიანი და ცხადი პოზიცია ყოველთვის იქნება ის, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ოპოზიცია დაიღლება, შესცივდება, სახლში წავა ან გადაიფიქრებს, ეს არის მცდარი მოლოდინი. რაც უფრო მალე შედგება პარლამენტის პირველი სხდომა და დაინახავენ, რომ ეს არის, ფაქტობრივად, პარტიული ყრილობა, მით უფრო სწრაფად გაანალიზებს „ქართული ოცნება“, რომ მხოლოდ ეს არის გამოსავალი იმ ჩიხიდან, რომელიც თავად შექმნეს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, როგორც ნაცვლიშვილმა განაცხადა, მომხრეა, რომ ფასილიტატორების ჩართულობით მოლაპარაკებები გამჭვირვალე გახდეს და პოლიტიკურმა ძალებმა ამომრჩეველს ინფორმაცია გააცნონ.
„ვემხრობი, რომ ეს მოლაპარაკებები გახდეს გამჭვირვალე. ჩვენ, პოლიტიკურმა ძალებმა, ჩვენს ამომრჩეველს ჩავაბაროთ ანგარიში. მე ასე წარმომიდგენია პასუხისმგებლიანი პოლიტიკა, თუმცა ჯერ კიდევ არის მოთხოვნა ფასილიტატორების მხრიდან, რომ მოლაპარაკებების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალურად ეს ინფორმაცია არ იყოს გასაჯაროებული. ამას აქვს რა თქმა უნდა, თავისი მიზეზებიც, თუმცა და მე ვემხრობი საჯაროობას და შემიძლია გითხრათ, რომ მთავარი შეუთანხმებლობა, არის არჩევნების ხელახალი ჩატარების თემა და სწორედ ამიტომ გრძელდება ამდენი ხანი მოლაპარაკებები და ამდენი რაუნდი. ეს პრინციპული მოთხოვნაა ოპოზიციის, რაც დღის წესრიგიდან არ მოიხსნება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას მესამე პოლიტიკური ძალის შექმნაზე, ამასთან დაკავშირებით ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, დღის წესრიგში დგას მთავარი საკითხი, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან.
„ვფიქრობ, ახლა პრინციპული საკითხი, რომელიც დგას დღის წესრიგში, არის როგორ გამოვიდეთ პოლიტიკური კრიზისიდან. ამისთვის აუცილებელია ახალი და სუფთა არჩევნების ჩატარება. დანარჩენი, როგორ განვითარდება შემდგომი პოლიტიკური პროცესები, როგორი რედიზაინი მოხდება პოლიტიკური ლანდშაფტის, მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ახლა, ამ მოცემულობაში ის ერთიანობა, რომელიც მიიღეს ოპოზიციაში, არის უპირველესი და ამის ირგვლივ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
კითხვაზე: „ჯერ კიდევ გუშინ იყო საუბარი, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი შევიდოდა პარლამენტში, მათ შორის გაჟღერდა გიორგი ვაშაძის სახელი, ხომ არ არის მოლოდინი, რომ სწორედ ამ მესამე ძალაში შეიკრიბებიან ადამიანები, რომლებიც პარლამენტში შევლენ“, ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ მთავარი საკითხი არა პარლამენტში შესვლა-არშესვლა, არამედ სიყალბეზე უარის თქმაა.
„ვფიქრობ, ზოგჯერ საჯარო დისკუსიებში ჩნდება განცდა, თითქოს ოპოზიციის შესვლა არ შესვლა არის მთავარი საკითხი. მიმდინარე პროცესებში ოპოზოციის შესვლა-არ შესვლა არ არის მთავარი. მთავარი საკითხი არის შემდეგი: ჩვენ მთლიანად, საზოგადოება თავისი პოლიტიკური პარტიებით და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებით ვამბობთ უარს ერთხელ და სამუდამოდ სიყალბეზე, მოპარვასა და ცდუნებაზე დაფუძნებულ არჩევნებზე- ეს არის ფუნდამენტური საკითხი. ოპოზიციის შესვლა-არ შესვლა არის ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ ამ დიდი მიზნის მიღწევას ვცდილობთ. დარწმუნებული ვარ, ამ მიზანს მივაღწევთ. ოპოზიციააში ყველა ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რომ ერთიანი პოზიცია არის ის ბერკეტი, რომლითაც ყველაზე ეფექტურად შეგვიძლია ამ მიზნი მიღწევა, შესაბამისად არ მაქვს ეჭვი, რომ ვინმე შევა, მაგრამ კიდეც რომ მოახერხოს ივანიშვილმა, თუნდაც ათი დეპუტატის გადაბირება, საზოგადოებისათვის ნათელი იქნება, რომ ეს ადამიანები შეიტყუეს და გადაიბირეს, და ეს არ არის პრინციპული პოლიტიკური მოთხოვნების უკან წაღება. შესაბამისად, ამას არ ექნება ეფექტი. პოლიტიკური ოპოზიციის ერთობა შედგა. მთავარია, ჩვენ მივაღწიოთ ახალ საქართველოს, რომელმაც ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს ახალი სუფთა არჩევნებით“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, როგორვ ნაცვლიშვილმა განაცხადა, არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკების მეხუთე რაუნდამდე ოპოზიციის შეხვედრა გაიმართოს.
„ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლებს გვაქვს მუდმივი შეხვედრები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, დისკუსიები იმ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება მიმდინარე მოლაპარაკებებს და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან კრიზისებს, შეიძლება დღესაც იყოს. არ გამოვრიცხავ“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.