ანა ნაცვლიშვილი - ტერორიზმის პრობლემა რომ ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალურია, კიდევ ერთხელ ჩანს მიმდინარე მოვლენებით
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე ჩატარდეს გამოძიება, რომელიც იქნება ობიექტური და რომელიც საზოგადოებაში არსებულ კითხვებს გასცემს პასუხს, – ამის შესახებ პრეზდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, უდიდესი ტრაგედიაა, როცა 19 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე იკარგება.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, კითხვები ორი ძირითადი მიმართულებით არის დაგროვილი.
„ერთი, ბუნებრივია ეხება იმას, თუ რა ზომები მიიღო სახელმწიფომ, რომ ეს არ დასრულებულიყო ამ შედეგით. ვინაიდან სიცოცხლის უფლება არის ძალიან მაღალი ღირებულება, რომელიც ყველას ავალდებულებს მოქმედებას, რათა ასეთი შედეგები არ დადგეს“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც საზოგადოება პასუხს ითხოვს, ეს არის სახელმწიფოს მოქმედება ანტიტერორისტული საქმიანობის მიმართულებით და ამ მოქმედების ეფექტურობა.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ორივე მიმართულებით, როგორც ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვის, ასევე სახელმწიფოს ანტიტერორისტული საქმიანობის მიმართულებით არსებული კითხვები საჭიროებს პასუხებს.
„პრეზიდენტი და ყველა ჩვენგანი, ველოდებით ობიექტურ გამოძიებას. ზოგადად, ასევე ვიტყოდით იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის კონტექსტი, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, ის რისკები, რომელიც ტერორიზმის სახით არა მხოლოდ საქართველოს, სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოს აქვს ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად. ეს პრობლემა რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემაა, კიდევ ერთხელ ჩანს მიმდინარე მოვლენებით და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ არასწორ მოქმედებას, რომელთა წყობაც უკავშირდება უშიშროების საბჭოს საკითხს და ახალ კონსტიტუციაში სრულიად სხვაგვარად დარეგულირებას. პრეზიდენტი და ჩვენ ყველა, ველოდებით ობიექტურ გამოძიებას, რომელიც როგორც ვიცით დაწყებულია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არსებულ კითხვებს გასცეს პასუხი”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.