ისტორია განსჯის მათ, ვინც ეხმარებოდა საქართველოს ევროპულ გზაზე და მათ, ვინც ხელს უშლიდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.
ნაცვლიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში არ ჩანდა ანგარიში იმ ათიათასობით ადამიანის წინაშე, ვინც 3 ივნისს რუსთაველის გამზირზე იდგა ერთადერთი მიზნით, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული სახელმწიფო.
„მინდა დღევანდელი გამოსვლა დავიწყო მადლობით, ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ამ ქვეყანაში ერთი კენჭი მაინც აქვს დადებული საქართველოს ევროპული მომავლისთვის. პირველ რიგში, ესენი არიან საჯარო მოხელეები, რომლებსაც დღეს აქვთ დიდი გაურკვევლობა და მოტივაციის ნაკლებობა, მაგრამ მაინც აგრძელებენ თავიანთი საქმის კომპეტენტურად კეთებას, როცა ამის შესაძლებლობას აძლევენ. და რა თქმა უნდა, ნებისმიერი იმ ადამიანის მიმართ, ვისაც სჯერა, რომ საქართველო, ქართული სახელმწიფო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ეს აუცილებლად მოხდება, ვიცი, რომ ეს იქნება რეალობა. ისიც ვიცი, რომ ისტორია განსჯის მათ, ვინც ეხმარებოდა საქართველოს ევროპულ გზაზე და ასევე განსჯის მათ, ვინც ხელს უშლის და ხელს უშლიდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა გაკეთდეს სწორი არჩევანი. მათ შორის მათი მხრიდან, ვიცი აქამდე ხელის შეშლით არის დაკავებული, უმოქმედობაც ხელის შეშლაა.
დღეს ჩვენ ვერ მოვისმინეთ პრემიერის მხრიდან ანგარიში საქართველოს ათი ათასობით მოქალაქის მიმართ, ვინც 3 ივნისს, მათ შორის თქვენც, თქვენი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც, იდგნენ რუსთაველზე მშვიდად, მწყობრად, ერთადერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანებული, პოლიტიკური დაპირისიპირებების მიუხედავად, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული სახელმწიფო. ამ ხალხსაც არ აბარებთ ანაგარიშს. თქვენი შეხედულებები ოპოზიციის შესახებ ვიცით, მაგრამ თქვენ დღეს დაგიბარათ ოპოზიციამ, რათა ქართველ ხალხს მოახსენოთ, რას აკეთებთ პირადად თქვენ და თქვენი მინისტრები ყოველდღიურად, რომ საქართველომ დროულად მიიღოს ისტორიულად დამსახურებული ადგილი ევროპულ ოჯახში. ევროპის რამდენ დედაქალაქში იყავით მას შემდეგ, რაც ეს ისტორიული ფანჯარა გაიხსნა, რამდენ პრემიერს და პრეზიდენტს შეხვდით, რამდენი ვიზიტი განხორციელდა მათი მხრიდან საქართველოში, რამდენ ქვეყანაში იყო ჩასული თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, სწორედ საქართველოს ევროპული პერსპექტივის და მომავლის ლობირებისთვის. კონკრეტული ციფრები და თარიღები მინდა, კონკრეტულად ვის შევხდით, რამდენად მაღალი თანამდებობის პირებს. ასევე წლის ბოლომდე რამდენი ვიზიტი გაქვთ დაგეგმილი ევროპულ დედაქალაქებში. ცალკე გაყავით ის ქვეყნები, რომლებიც ლობირებენ საქართველოს და აქტიური მხარდამჭერები არიან და ე.წ ევროსკეპტიკოსი ქვეყნები. ჩვენ ვიმსახურებთ ვიცოდეთ, რა არის თქვენი დღის წესრიგი, მომავალი წლის. რა მითითებები აქვთ ჩვენს საელჩოებს და დიპლომატიური კორპუსებს მიცემული, იმისთვის რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, სტატუსი ვერ მივიღეთ, რადგან დღევანდელი პოლიტიკური გუნდის გამო ვართ ჩამორჩენილი.
„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო დეზინფორმაციის ნაწილს, რომლის ნაწილიც დღეს მოვისმინეთ აქ. ევროპა ჩვენგან ამას ითხოვს, იმას ითხოვს. თქვენ თავად აღნიშნეთ ოკუპირებული ქვეყანა ვართო, თუ ოკუპირებული ქვეყანა ვართ, როგორც მოლდოვა, მაშინ ეს განსხვავება რატომ არის, მათ მიიღეს სტატუსი და ჩვენ არა. აქ პრობლემა იმაში კი არ არის, რომ ვინმე ჩვენგან საქართველოს ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას ითხოვდა, არაა. ჩვენგან ითხოვენ მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიულ რეფორმებს და ეს დაადასტურა მათ შორის კომისარმა ვარჰეიმ, როცა აქ იყო. მხოლოდ დემოკრატიული რეფორმებია მოთხოვნა. დიახ, ზოგ საკითხებში ტექნიკური პარამეტრებით ჩვენ ვართ წინ, ვიდრე ის ორი ქვეყანა, სადაც ვართ უკან და გვაქვს ჩამორჩენა, ეს არის ამ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ამიტომ ვერ მივიღეთ სტატუსი, რომ თქვენი პოლიტიკური გუნდის გამო ვართ ჩამორჩენილი. განსხვავებით მაია სანდუსგან, რომელიც კიევშიც იყო ჩასული და ევროპარლამენტის წინაშეც წარსდგა, გააკეთა განცხადება, რომ ნებისმიერი ეკონომიკური ფასი უნდა გადაიხადოს ევროპამ და დასავლეთმა, რომ ეს ომი მოიგოს. ამ დროს თქვენ აკეთებდით განცხადებას, რომ სანქციები არ მუშაობს. ამიტომ ვერ მივიღეთ ჩვენ სტატუსი, თქვენი პოლიტიკური გუნდით ვართ ჩამორჩენილი და არა საჯარო მოხელეებით და რიგი ტექნიკური პარალმეტრებით. ამ ყველაფრის მიუხედავად ღრმად მწამს, რომ ჩვენ მივიღებთ სტატუსს, როცა წესიერი და ნორმალური ხალხი იქნება ხელისუფლებაში“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
გარდა ამისა, ნაცვლიშვილის განცხადებით, ცდება ვინც ფიქრობს, რომ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებაა მხოლოდ საჭირო 12 პუნქტის შესასრულებლად, ამ პროცესში დიდი პასუხისმგებლობა აქვს მთავრობას.
„დილით ძალიან არაკომპეტენტური განცხადება მოვისმინე პარტიის თავმჯდომარის, რომ თურმე პარლამენტის გასაკეთებელია 12 პუნქტი და რა შუაშია პრემიერი. ეს ძალიან დიდი უცოდინარობაა ან ძალიან დიდი ტყუილი. ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებაა მხოლოდ საჭირო 12 პუნქტის შესასრულებლად. ამ პროცესში ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა აქვს პარლამენტს, მაგრამ ნუ განაცხადებთ, რომ პრემიერი და მთავრობა თურმე ჩახსნილი უნდა იყოს ამ პროცესიდან და პასუხისმგებლობა არ გაქვთ. თქვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაქვთ. რას აკეთებთ 12 პუნქტის ირგვლივ თუ ხედავთ მთავრობის როლს და რას აკეთებთ ამ ამისთვის“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.