„ისფედის“ პარალელური დათვლის შედეგების კორექტირება, ერთი თუ ორი პროცენტით, რეალობას არ ცვლის და ეს ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ, ამასთან დაკავშირებული მისი პიარ-თამაშები მხილებულია, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შინაარსობრივი დარღვევები, რაზეც ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ საუბრობს, მისი დაკვირვების მეთოდოლოგიის ორგანული ნაწილია.
„ის ფაქტები და დარღვევები, რაზეც ორგანიზაცია ამ ნაწილში საუბრობს, დაკორექტირდა, რამე შეიცვალა? არა, „ისფედმა“ სადმე თქვა, რომ მოსყიდვა, ძალადობა, კარუსელი, მათ შორის დამკვირვებლებზე ზეწოლა არ მომხდარა? არა, ესენი არ დაუკორეტირებია მათ. მათ დააკორექტირეს ციფრი, რომელიც ასახავს ოქმების შეჯამების შედეგს. „ისფედი“ არის ორგანიზაცია, რომელმაც თქვა, რომ ასეთი ცუდი არჩევნები წლებია, საქართველოში არ ჩატარებულა. ამიტომ ეს რეალობა ვინმემ დააკორექტირა? არა, ამიტომ „ქართული ოცნება“ ნუ ცდილობს, რომ აიღოს კლევის მხოლოდ ერთი ნაწილი – ამ შემთხვევაში „კუდი“ და შემოგვასაღოს ის „სპილოდ“. „ისფედი“ ორგანიზაციაა, რომელმაც ათობით საჩივარი დაწერა და ძალიან პრინციპულად იბრძოდა ამ საჩივრის განხილვის დროს. არც ერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რომ გადათვლილიყო უბნები, დაკორექტირებულიყო და მერე მომხდარიყო ამ ოქმების დაჯამება, ეს მოგვცემდა რეალურ სურათს, რომელიც, დამერწმუნეთ, იქნებოდა ძალიან აცდენილი იმასთან, რაც ცესკო-მ შეაჯამა. ვუდასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემასა და თანადგომას არასამთავრობო სექტორს და ასევე „ისფედს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“ უპასუხოს იმ ფაქტებს, იმ დარღვევებს, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები და პარტიები საუბრობდნენ.
„სად არის გამოძიება, ან პროკურატურა, რატომ ცნო სასამართლომ უამრავი სარჩელი დაუშვებლად. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, პასუხი გაგვცეს იმაზე, საიდან, რა გზებით ფლობდა ხელისუფლება ორგანიზაციის შიდა ინფორმაციას, ვიდრე ორგანიზაცია საჯაროდ გამოაქვეყნებდა.
აქ იყო პირდაპირი ინფორმაცია, რადგან მოლაპარაკების მაგიდაზე, მაგიდის ქვემოდან შემოაცურეს „ისფედის“ თემა, მაშინ, როდესაც ამაზე საჯაროდ ორგანიზაციას არანარი განცხადება ჯერ გაკეთებული არ ჰქონდა. მათ ძალიან კარგად იცოდნენ ორგანიზაციის მიერ დაშვებული შეცდომების შესახებ და ცდილობდნენ, ამ ხაფანგში გაებათ მთელი ოპოზიცია და სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ ამ ხაფნგზე არ წამოვეგეთ. მაგრამ კითხვა, კითხვად რჩება, ან გამოიძიონ და დაადასტურონ, რომ „ისფედს“ არ უსმენენ, გამოიძიონ და დაადასტურონ, რომ არანაირი ზეწოლა და რამე ინფორმაციის გამოტანა ორგანიზაციიდან არ ყოფილა, ან ახსნან, საიდან ფლობდნენ ამ ინფორმაციას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ზემოქმედებაზე წამსვლელია.
„მე არ ვამბობ, რომ „ისფედი“ დაექვემდებარა ზეწოლას, ვიცნობ რა კარგად „ქართულ ოცნებას“, მე თავად ვიყავი საარჩევნო მონიტორინგის ხელმძღვანელი არაერთი წლის განმავლობაში, კარგად ვიცი, რომ „ქართული ოცნება“ წამსვლელია ზეწოლაზე. როდესაც ხელისუფლება ფლობს ინფორმაციას, რომელსაც ლეგალური გზებით არ უნდა ფლობდეს, მასზეა მტკიცების ტვირთი.
დაგვიმტკიცო , რომ არ უსმენდა, არ ატერორებდა და ზეწოლას არ ახორციელებდა. მე ღრმად მჯერა „ისფედის“ მიერ რომ მოხდა შეცდომის დაშვება და არ მინდა ამის მიღმა ვეძიო სხვა. მჯერა, რომ ეს არის ის გუნდი, რომელიც ზეწოლას გაუძლებდა, მაგრამ ზეწოლას რომ მოახდენდა „ქართული ოცნება“, ამისგან თავს არ შეიკავებდა და არ შერცხვებოდა, ამისაც მჯერა“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, მათი პოზიცია და გეგმები უცვლელია.
„რატომ უნდა შეიცვალოს გეგმები, „ისფედი“ გამოვიდა და თქვა, რომ – არა, ეს იყო სამართლიანი, კარგად ჩატარებული არჩევნები და ბოდიში, რომ ცუდად შევაფასეთ? თუ გამოვა რომელიმე ორგანიზაცია და იტყვის, რომ, ბოდიში, გაყალბებეი, ზეწოლის ფაქტები, მოსყიდვა, კარუსელი არ მომხდარა, ბოდიში, ეს იყო სამართლიანი და კარგი სტანდარტებით ჩატარებული არჩევნები, მაშინ დავფიქრდებით , რომ შევცვალოთ პოზიცია“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3% -ია, მინიმალური კი – 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი – 45.1%.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „არითმეტიკული გაანგარიშებით დაადგინა უხეში ხარვეზი, თუმცა ვიდრე საკითხი ელჩებთან არ დაისვა, ელენე ნიჟარაძემ ამ ინფორმაციის გამჟღავნება არ იკადრა“. საპასუხოდ, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ელენე ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ „არაფერს მალავდნენ, ჰქონდათ სტრატეგია, როგორ მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის ინფორმაცია და ამაზე მუშაობდნენ“. მისივე თქმით, ბევრ დარღვევაზე ხელისუფლებას პასუხი არ გაუცია, არ შეუსწავლია და ობიექტური ინფორმაცია საზოგადოებისთვის არ მიუწოდებია.