ანა ნაცვლიშვილი - სამართალდამცველებს ვაფრთხილებ, ჩამოშორდით ამ კრიმინალურ სისტემას, მოგიწევთ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის აღება, ახალი ხელისუფლება არ გადაიბარებს დანაშაულში გასვრილებს
ყველა სამართალდამცველს ვაფრთხილებ, ჩამოშორდით ამ კრიმინალურ სისტემას, მოგიწევთ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის აღება, ეს აუცილებლად მოხდება, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, ამ ხელისუფლებისგან განსხვავებით, ახალი ხელისუფლება არ გადაიბარებს დანაშაულში გასვრილ ადამიანებს.
„გაბრაზებული მშობლები ვამბობთ, ჩვენ იმისთვის არ გაგვიჩენია შვილები, რომ რუსეთში იცხოვრონ. ჩვენი და ყველას შვილები ამ ქვეყანაში იმსახურებენ ევროპას, ევროპულ განათლებას, ჯანდაცვას, გარემოს დაცვას, ევროპულ სამართალს. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი შვილების, ყველა შვილის ევროპული მომავლისთვის.
ბოლო დღეებში რასაც ვხედავთ, ეს აღარ არის ხელისუფლება, ეს არის კრიმინალური ბანდა, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება. ყველა სამართალდამცველს ვაფრთხილებ, ჩამოშორდით ამ კრიმინალურ სისტემას, მოგიწევთ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის აღება. ეს აუცილებლად მოხდება. განსხვავებით ამ ხელისუფლებისგან, ახალი ხელისუფლება არ გადაიბარებს დანაშაულში გასვრილ ადამიანებს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
თბილისში საპროტესტო მარში იმართება, რომლის მონაწილეებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ. მარში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ორგანიზებით იმართება.
მარშში მონაწილებენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები. მარშის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი არ შეწყდება, ვიდრე ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს არ გაიწვევს.