ანა ნაცვლიშვილი - ქვეყანა წინ მიჰყავს არა სამოქმედო გეგმებს, არამედ მოქმედებას, „ქართულ ოცნებას“ ნულოვანი ნდობა აქვს
„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ყველა ბერკეტს გამოიყენებენ, რათა შესრულდეს ის პუნქტები, რაც ევროკავშირის მიერ არის წარმოდგენილი. მისივე თქმით, პარლამენტი ახლა არ უნდა ისვენებდეს, რადგან დასაკარგი დრო არ არის.
„12 პუნქტის შეუსრულებლობა ნიშნავს, რომ საქართველოს წინაშე ჩაიკეტება ევროკავშირის კარი. შესაბამისად, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა ამ 12 პუნქტის შესრულება იყოს უზრუნველყოფილი. იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს დგამს არა იმ მიმართულებით, რომ ქვეყანამ წინ იაროს, არამედ იმ მიმართულებით, რომ ევროპულ პერსპექტივას გადაუხვიოს, რეალობის გათვალისწინებით, ჩვენი ამოცანაა, რომ ამ 12 პუნქტის შესრულება იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, მათ შორის გვქონდა ინტენსიური მსჯელობა, რა ნაბიჯებია გადასადგმელი ამ პუნქტების შესრულების უზრუნველსაყოფად. ვიდრე დაასრულებდა პარლამენტი მუშაობას, არაერთხელ, მათ შორის მე, ბიუროს სხდომებზე მუდმივად ვაყენებდი საკითხს, რომ ახლა არ არის დასასვენებლად წასვლის დრო. ჩამოიარეთ და ნახავთ, რომ ისვენებს პარლამენტი, ეს ახლა დაუშვებელია, რადგან არათუ თვეები, წუთიც არ გვაქვს დასაკარგი. ჩვენ ვმუშაობთ და ვაპირებთ, რომ პარლამენტმაც იმუშაოს. ეს არის ჩვენი მთავარი ხაზი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ გეგმას, რომლის მიხედვითაც უნდა შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები. როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, ქვეყანა წინ მიჰყავს არა სამოქმედო გეგმებს, არამედ მოქმედებას.
„ქართული ოცნების“ ე.წ. გეგმას რაც შეეხება, ამ ქვეყანაში მინახავს ბევრი გეგმა და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანა წინ მიჰყავს არა სამოქმედო გეგმებს, არამედ მოქმედებას. დღეს „ქართულ ოცნებას“ თანამშრომლობის რესურსი არ აქვს. მათმა ნაბიჯებმა დაადასტურა ქართული ანდაზა, სახელის გატეხას თავის გატეხვა სჯობს. დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს ნულოვანი ნდობა და ის ე.წ. გეგმა, რომელიც მათ დადეს, არის სწორედ იმ სულისკვეთებით ნაკარნახევი, რაზეც ორი დღის წინ, ვიდრე გეგმას დადებდა, თავად გეგმის გამჟღერებელი საუბრობდა, როცა იქნება ხომ შევალთო. აი, როცა იქნება ხომ შევალთ – ამაზე არის გათვლილი კობახიძის ე.წ. გეგმა.
ჩვენ გვაქვს ზუსტად 6 თვე, რომ 12 პუნქტი შესრულდეს. როდესაც მან დაანონსა პოლარიზების კომისია, დეპოლარიზების კომისიის იდეა, რომელიც პარტიის თავმჯდომარე კობახიძემ გააჟღერა, თავზე დაახურა მისმა მდივანმა ბატონმა სამხარაძემ. მე რომ პარტიის თავმჯდომარე ვიყო და ჩემივე დაანონსებულ დეპოლარიზაციის პროცესს ასეთი რამ გაუკეთოს, თავს ვალდებულად ჩავთვლიდი, რომ რაიმე ზომები პარტიულადაც გამეტარებინა. ამიტომ თავად „ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენლები როგორ ეპყრობიან კობახიძის გეგმას და მის მიერ გაჟღერებულ ინიციატივებს, ეს კარგად გამოჩნდა სამხარაძის მხრიდან აივანზე განხორციელებული ქმედებისას. ცხადია, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას სჭირდება მრავალპროფილური მუშაობა პარლამენტში და პარლამენტს გარეთაც. ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება კონკრეტული გაწერილი გეგმა, რა საქმე არის გასაკეთებელი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.