ანა ნაცვლიშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ მოაწერა ხელი ადეიშვილი-ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს გადაბარებას
„ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ მოაწერა ხელი ადეიშვილი-ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს გადაბარებას და სრული პასუხისმგებლობის აღებას ყველა იმ უსამართლობაზე, რომელსაც სასამართლოს კლანი სჩადიოდა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთელი მსოფლიო ერთხმად ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა შეჩერებულიყო, უნდა ჩატარებულიყო რეფორმების შეფასება და შემდეგ უნდა მომხდარიყო ახალი ჯანსაღი სისტემით ადამიანების განწესება სასამართლოში.
„ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ მოაწერა ხელი ადეიშვილი-ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს გადაბარებას და სრული პასუხისმგებლობის აღებას ყველა იმ უსამართლობაზე, რომელსაც სასამართლოს კლანი სჩადიოდა. დემარშის ნიშნად ეს პროცესი დავტოვეთ, რომელიც არის არალეგიტიმური და მთელი მსოფლიო ერთხმად ამბობს, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა შეჩერებულიყო, უნდა ჩატარებულიყო რეფორმების შეფასება და შემდეგ უნდა მომხდარიყო ახალი ჯანსაღი სისტემით ადამიანების განწესება სასამართლოში. „ქართული ოცნება“ ტყუის, როცა ამბობს, რომ მას აქვს კარგი სისტემა და თურმე, ოპოზიციას არც ერთი წინადადება არ წარმოუდგენია, როგორ გაჯანსაღდეს სასამართლო. „ლელომ“ და „რეფორმების ჯგუფმა“ კანონპროექტი ერთად მოამზადა და ასახავს, როგორ უნდა ვებრძოლოთ უსამართლო სასამართლოს და როგორ შეირჩნენ მოსამართლეები ისე, რომ მათ საზოგადოების ნდობა ჰქონდეთ და არა მმართველი გუნდის“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის წარდგენილ ოთხივე კანდიდატს დღეს მხარი დაუჭირა.
კენჭისყრის მიმდინარეობისას, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პროტესტის ნიშნად სასესიო დარბაზი დატოვეს.