ანა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნება” თავისი პოლიტიკით თავად უწესებს ქვეყანას სანქციებს
„ქართულ ოცნებას“ თავისი უპასუხისმგებლო პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ზიანი მოაქვს და სწორედ ამიტომ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კონკრეტული ზიანი მიადგეს ამ პოლიტიკურ ძალას და ეს არ გავრცელდეს მთელ ქვეყანაზე, იქნება სანქციებით თუ სხვა ზომებით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარი გატარებული პოლიტიკით ქვეყანას სანქციებს თავად უწესებს.
„ორი კვირის წინ საერთაშორისო ანგარიში ვნახეთ, რომელიც საქართველოში საინვესტიციო გარემოს აფასებდა და სადაც ძალიან მძიმე ფაქტებზე იყო გამახვილებული ყურადღება, რომლის წაკითხვის შემდეგ არც ერთი ინვესტორი ამ ქვეყანაში დიდი ინვესტიციის დაბანდებას არ მოისურვებს. „ქართული ოცნება“ საკუთარი გატარებული პოლიტიკით ქვეყანას სანქციებს თავად უწესებს. თუ ინვესტიცია არ შემოვიდა და სამუშაო ადგილები არ შეიქმნა, ხელისუფლებამ მერამდენედ უნდა მიიკრას სტიგმა, რომ გადამგდებია და მის სიტყვას ფასი არ აქვს? – ფასი არ აქვთ არ მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ არც ბიზნესში, არც ინვესტორებთან. ამ ნაბიჯებით „ქართული ოცნება“ თავად უწესებს სანქციებს ქვეყანას. მაინცდამაინც ევროკავშირმა ხომ არ უნდა თქვას, რომ სანქციას ვუწესებო? „ქართული ოცნება“ თავად ასანქცირებს ქვეყანას.
ჩვენი პოზიციაა, რომ ქვეყანა რაც შეიძლება ნაკლები ზიანით უნდა გამოვიდეს ამ კრიზისიდან. შესაბამისად, ვემხრობით პერსონალურ სანქციებს. შეთანხმების დარღვევა უკვე დაუდგინდა „ქართულ ოცნებას“ სასამართლოს ნაწილში და მცდელობა მისი გასვლის შეთანხმებიდან, ქმნის და აძლიერებს სანქციების გამოყენების საფუძველს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.