ანა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნება“ რაც უფრო მალე დააკმაყოფილებს ჩვენს განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს საბოლოოდ ერთპარტიული პარლამენტის შექმნას
დიდი ხანია, უარი ვთქვით მანდატებზე, დაწერილი გვაქვს განცხადებები და რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს „ქართული ოცნება“, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს საბოლოოდ ერთპარტიული და ერთფრაქციული პარლამენტის შექმნას, – განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილის თქმით, ოპოზიცია იმ ღირებულებებისა და იმ პრინციპების ერთგული დარჩა, რის ირგვლივაც გაერთიანდა 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ.
„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა პარლამენტი, როდესაც პარლამენტი ხალხის ნებას გამოხატავს და ხალხის ნებას ემსახურება. მაგრამ ასევე, პარლამენტი არ არის ის ერთადერთი პლატფორმა, სადაც პოლიტიკოსს შეუძლია, აკეთოს პოლიტიკა, რომელიც მოემსახურება ხალხის ინტერესებს.
ჩვენ გავაგრძელებთ პოლიტიკურ მოღვაწეობას იმისთვის, რომ საქართველო შედგეს, როგორც დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო. ამის ძალიან ბევრი ინსტიტუტი არსებობს და პარლამენტის სკამი არ არის ის ერთადერთი, საიდანაც შეგიძლია, ემსახურო ადამიანის უფლებებს.
რადგან ჩვენ უარი ვთქვით მანდატებზე, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია მიდის სახლში, ეს იმას ნიშნავს, რომ იწყება სრულიად ახალი ეტაპი, დადგა ქართულ პოლიტიკაში გადატვირთვის დრო, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ იმაზე უფრო ხალხთან ახლოს მდგომი და ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა, ვიდრე ოდესმე ამ 30 წლის განმავლობაში.
ჩვენთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა არც რაუნდის რიგითობას, არც იმას, ვინ რა განწყობით მივა ამ რაუნდზე. მთავარი ამოცანა დღეს არის, განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მივცეთ ლეგიტიმაცია გაყალბებულ არჩევნებს. საჭიროა გადატვირთვა და ეს გადატვირთვა იქნება ახალი არჩევნები“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.