ანა ნაცვლიშვილი - პრეზიდენტმა გააფორმა თანამონაწილეობა ყველა უმძიმეს გადაწყვეტილებაში, რომელიც მიღებული აქვს „ოცნებას“
ანა ნაცვლიშვილი - პრეზიდენტმა გააფორმა თანამონაწილეობა ყველა უმძიმეს გადაწყვეტილებაში, რომელიც მიღებული აქვს „ოცნებას“

პრეზიდენტმა გააფორმა თანამონაწილეობა ყველა უმძიმეს გადაწყვეტილებაში, რომელიც მიღებული აქვს „ოცნებას“, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილმა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებაზე და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა იყო მის საპრეზიდენტო ბიოგრაფიაში ყველაზე სევდიანი.

„პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა იყო მის საპრეზიდენტო ბიოგრაფიაში ყველაზე სევდიანი. ყველაზე სევდიანი და ტრაგიკული სანახავია სახელმწიფოს მეთაური, რომელიც ასეთი უსუსური და არაადეკვატურია უმძიმეს ვითარებაში, რომელშიც მისი სახელმწიფო დგას.

მისი პოზიციით, ფაქტობრივად მან გააფორმა პირდაპირი და უშუალო თანამონაწილეობა ყველა იმ უმსგავსობაში და ყველა იმ შესაძლო ძალიან მძიმე სცენარში, რომლისკენაც „ოცნება“ ამ წუთებში უმძიმესი ვითარებით მიაქანებს ქვეყანას.

პრეზიდენტს ხელთ აქვს მექანიზმები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც მან ისაუბრა თუნდაც გაკვრით, რომ იმოქმედოს, თუმცა მან გადაწყვიტა აბსოლუტური უმოქმედობა, რითიც გააფორმა თანამონაწილეობა ყველა უმძიმეს გადაწყვეტილებაში, რომელიც „ოცნებას“ მიღებული აქვს და ამ გადაწყვეტილებაში შექმნილ ასევე მძიმე რისკებში ქართული სახელმწიფოსთვის.

რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციონირებას ზოგადად სასამართლოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, შევახსენებდი, რომ მას აქვს კონკრეტული მექანიზმები იუსტიციის საბჭოსთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით და მაშინ, როდესაც შეეძლო რეალური ცვლილება შეეტანა სასამართლო სისტემაში, მან ვერც ერთხელ ვერ გაბედა ამ ინსტრუმენტების გამოყენება და დღეს მისი ვიშვიში სასამართლოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე არის აბსოლუტური სიყალბე, სამწუხაროდ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.