ანა ნაცვლიშვილი - პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების უფლება სამართლებრივ რევიზიას არ ექვემდებარება
პროკურატურამ გირგვლიანის საქმეს არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, რადგან შეწყალების უფლება პრეზიდენტის პრეროგატივაა და მისი გადაწყვეტილება სამართლებრივ რევიზიას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, შეწყალების გადაწყვეტილების სამართლებრივი რევიზია კონსტიტუციის დარღვევაა.
„ეს საქმე არის ის შემთხვევა, როდესაც პროკურატურამ საქმის ასეთი სამართლებრივი საფუძვლით წარმართვით და შემდეგ უკვე გაკეთებული განცხადებებით დააფიქსირა მცდელობა, რომ შეცვალოს კონსტიტუციური ძალთა ბალანსი. შეწყალების უფლება ჩვენი კონსტიტუციით არის ჩვენი პრეზიდენტის პრეროგატივა, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ის იღებს გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ. მისი გადაწყვეტილება არ ექვემდებარება სამართლებრივ რევიზიას. რა თქმა უნდა, პოლიტიკური, ეთიკური, მორალური თვალსაზრისით როგორც საზოგადოებას, ასევე მის თითოეულ წევრს აქვს უფლება შეაფასოს პრეზიდენტის მხრიდან შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი რევიზია სამართლებრივად მცდარი მსჯელობაა, ამავე დროს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა.
პრეზიდენტის ახალი საპარლამენტო მდივნის განმარტებით, გიორგი მარგველაშვილის პოზიცია წარსულშიც და ახლაც უცვლელია, პრეზიდენტისთვის გირგვლიანის მკვლელობა სამართლებრივად და ეთიკურად აბსოლუტურად მიუღებელია.
“პრეზიდენტის პოზიცია ცნობილი იყო ვიდრე ის პრეზიდენტი გახდებოდა და ასევე პრეზიდენტობის დროსაც, როგორც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და მთელი ის პასუხი, რაც ამ საზარელ დანაშაულს გასცა მაშინდელმა ხელისუფლებამ, ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი როგორც სამართლებრივი, ასევე ეთიკური სტანდარტებიდან გამომდინარე. თუმცა, ამისთვის დღეს ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება და ის რაც გააკეთა პროკურატურამ, რა კვალიფიკაციაც მისცა ამ საქმეს, ეს არის სამართლებრივად არასწორი და კონსტიტუციის დარღვევა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.