ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტის ტრიბუნიდან ვთხოვოთ პრეზიდენტ ზელენსკის, რომ მიმართოს ქართველ ხალხს, აჩვენოს, რას ნიშნავს ლიდერობა და პატრიოტიზმი
პარლამენტის ტრიბუნიდან მოვიწვიოთ და ვთხოვოთ პრეზიდენტ ზელენსკის, რომ მიმართოს ქართველ ხალხს და აჩვენოს, რას ნიშნავს ლიდერობა და პატრიოტიზმი, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომ ეს საკითხი მის კომპეტენციაში შედის.
„ჩვენ ამ დღეების განმავლობაში რადგან ვერ ვნახეთ ვერც პარლამენტს შიგნით, ვერც პარლამენტს გარეთ რომელიმე ხელისუფალი, რომლის გამოსვლა ცოტა მეტი დაცულობის, ღირსებისა და სტაბილურობის განცდას შეუქმნიდა საქართველოს მოქალაქეებს, ამიტომ მოგმართავთ ბატონო შალვა, ვის კომპეტენციაშიც ეს საკითხი შედის, რომ იქნება პარლამენტის ტრიბუნიდან მოვიწვიოთ და ვთხოვოთ პრეზიდენტ ზელენსკის, რომ მიმართოს ქართველ ხალხს, აჩვენოს, რას ნიშნავს ლიდერობა და პატრიოტიზმი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
დეპუტატის განცხადებას შალვა პაპუაშვილმა უპასუხა და აღნიშნა: „ვფიქრობ, პატრიოტიზმი და ლიდერობა ქართველებს უნდა აჩვენოს უპირველეს ყოვლისა ქართველმა პოლიტიკოსმა“.