ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტის დატოვებას დასავლეთის მხარდაჭერა არ ჰქონდა და არ ექნება, ასევე, ვერ ვხედავ არგუმენტს, რატომ უშლის ხელს ოპოზიციას პარლამენტში ყოფნა, იბრძოლოს სხვა ფრონტზეც
„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გადასაწყვეტია, დატოვებენ თუ არა პარლამენტს.
მისივე თქმით, განსხვავებულ აზრს პატივისცემით ეკიდება.
„რა თქმა უნდა, მათი გადასაწყვეტია. ეს არის სხვა პოლიტიკური პარტია, სხვა პოლიტიკური ჯგუფი, გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ. მე ყველანაირ შემთხვევაში, პატივს ვცემ სხვების გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
კითხვაზე, რამდენად სწორად მიგაჩნიათ პარლამენტის დატოვებაზე გიორგი ვაშაძის განცხადება, ანა ნაცვლიშვილის თქმით, სწორად რომ მიაჩნდეს, თავადაც იმავე განცხადებას გააკეთებდა.
„სწორად არ მიმაჩნია. სწორად რომ მიმაჩნდეს, მეც იმავე განცხადებას გავაკეთებდი, თუმცა განსხვავებულ აზრსაც პატივისცემით ვეკიდებოდი და მოვეკიდები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები, რაც გვაქვს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან. შესაბამისად, ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ, ვინაიდან პრაქტიკულ დანიშნულებას ვერ ვხედავ, თუმცა ყველას აქვს უფლება, მიიღოს თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, უცხოელი პარტნიორები საპარლამენტო საქმიანობას უჭერდნენ მხარს და პარლამენტის დატოვებას დასავლეთის მხარდაჭერა არ ექნება.
„რაც შეეხება უცხოელ პარტნიორებთან მუშაობას, დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე საქართველო, მით უმეტეს ქართული პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი ვერ შეძლებს საქართველოს გათავისუფლებას რუსული ძალებისა და რუსული გავლენების ქვეშ მყოფი ხელისუფლებისგან. პარლამენტის დატოვებას დასავლეთის მხარდაჭერა არ ჰქონდა და არ ექნება. ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და არის რეალობა, რომელშიც ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თავისთავად, ასევე, ვერანაირ არგუმენტს ვერ ვხედავ, რატომ უშლის ხელს ოპოზიციას პარლამენტში ყოფნა, ეფექტურად იბრძოლოს სხვა ფრონტზეც“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გუშინ განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დასატოვებლად. ვაშაძის თქმით, პარტიაში აღნიშნულ სცენარს განიხილავენ, რადგან მისივე თქმით, „აუტანელია ერთ გარემოში პრორუსებთან ყოფნა“.