ანა ნაცვლიშვილი - ნორვეგიის ელჩის განცხადების ადრესატი არის მთელი ქვეყანა, მაგრამ მთავარი, ვის ხელშიც არის ამ განცხადებაში გამოთქმული წუხილის განმუხტვის ბერკეტები, ეს ხელისუფლებაა
ანა ნაცვლიშვილი - ნორვეგიის ელჩის განცხადების ადრესატი არის მთელი ქვეყანა, მაგრამ მთავარი, ვის ხელშიც არის ამ განცხადებაში გამოთქმული წუხილის განმუხტვის ბერკეტები, ეს ხელისუფლებაა

ამ განცხადებაში არის ბევრი აქცენტი, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტია გაკეთებული იმაზე, რომ საარჩევნო პროცესში დაფიქსირებული დარღვევები უნდა იყოს გამოძიებული. ეს არ არის პირველი განცხადება, სადაც ამაზეა საუბარი, – ასე ეხმაურება „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილ ეუთო-ში ნორვეგიის ელჩის, ​ანე-კირსტის განცხადებას, რომელიც მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, ახალ, უფრო მრავალფეროვან პარლამენტს მისცენ საშუალება, საქართველოს დემოკრატიაში სრულფასოვანი როლი შეასრულოს.

ნაცვლიშვილის თქმით, აღნიშნული განცხადების ადრესატი არის მთელი ქვეყანა, თუმცა მთავარი, ვის ხელშიც ამ განცხადებაში გამოთქმული წუხილის განმუხტვის ბერკეტებია, ეს ხელისუფლებაა.

„რამე ტიპის გონიერება რომ ჩანდეს ხელისუფლების მხრიდან, დარღვევებზე გამოძიება უკვე უნდა მიმდინარეობდეს, ჩვენ ამასაც ვერ ვხედავთ. რა თქმა უნდა, ეს განცხადება ეხება ხელისუფლებასაც, ოპოზიციურ ძალებსაც და მოქალაქეებსაც. ადრესატი არის მთელი ქვეყანა, მაგრამ მთავარი, ვის ხელშიც არის ამ განცხადებაში გამოთქმული წუხილის განმუხტვის ბერკეტები, ეს არის ხელისუფლება, ამიტომ უპირველესად ხელისუფლებისთვის არის ყველა მსგავსი ტიპის განცხადება,რადგან ოპოზიციამ თქვა თავისი სათქმელი, ჩვენ გვაქვს მწყობრი და ნათელი ხედვა, რა არის ამ კრიზისიდან გამოსავალი. ვერც არგუმენტს ვერავინ გვიპირისპირებს, რომ სუფთა და სამართლიანი არჩევნები არ არის ქვეყნისთვის საჭირო, ამასაც ვერავინ ამბობს. მაშინ ჩვენ ველოდებით ახალი არჩევნების ჩატარების თარიღს, ახალი ადმინისტრაციით და ახალი წესებით“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს, ნაცვლიშვილი იმედოვნებს, რომ მესამე რაუნდზე ხელისუფლება გონივრული წინადადებით წარსდგება.

„არაერთი მცდელობა და მეცადინეობა არის იმისა და ჟღერდება კიდეც მოლოდინი „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ვიღაცები მაინც შევლენ პარლამენტში, ამას გამოვრიცხავ. დღეს ოპოზიცია არის ერთიანი კონკრეტული იდეის და მიზნის ირგვლივ. იმედიანი და გონივრული მოლოდინი გვაქვს, რომ პირველი ორი რაუნდის შემდეგ ხელისუფლება დაჯდება, დაილაპარაკებს, გააცნობიერებს იმ ძალიან სერიოზულ პრობლემას, რომელიც მას ერთპარტიულ პარლამენტში შესვლით შეექმნება. იმედია, მესამე რაუნდზე წარმოდგენილი იქნება გონივრული წინადადებით, რომელიც ყველას მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს და ქვეყანამ წინ გადადგას ნაბიჯი“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, ანა ნაცვლიშვილი ეხმაურება „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებასაც. მისი თქმით, ეთანხმება ჯაფარიძეს, რომ სასამართლო რეფორმა მართლაც უმნიშვნელოვანესია.

„ეს იყო ერთ-ერთი იდეა, რომელიც გააჟღერა თუ არ ვცდები ზურა ჯაფარიძემ, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს. ვეთანხმები იმაში, რომ სასამართლო რეფორმა მართლაც არის უმნიშვნელოვანესი და კრიტიკული მნიშვნელობის. არაერთგან დამიწერია და მითქვამს, რომ როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება, უმთავრესი საზრუნავი უნდა იყოს სასამართლო რეფორმა და სასამართლოს გათავისუფლება პოლიტიკური და კლანური მმართველობისგან. მაგრამ, ქვეყნის წინსვლას და განვითარებას სჭირდება ორივე – სუფთა არჩევნები, რომლის ჩატარებასაც ჩვენ მოვითხოვთ და ასევე სასამართლო, რადგან ეს ორი ერთმანეთში გაცვლადი არ არის, ორივე გვჭირდება. ეს ჯერჯერობით არის თეორიული მსჯელობა იმიტომ, რომ მსგავსი რამ მესამე რაუნდის წინ მიმდინარე მოლაპარაკებებში არც კი განიხილება. ადამიანმა გამოთქვა თავისი აზრი, საკითხის აქტუალობაში ვეთანხმები“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.