ანა ნაცვლიშვილი - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად არის მისაღები
„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად არის მისაღები, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„დღეს, „ლელოს“ ინციატივა სწორედ ამას ემსახურებოდა. არსებობს ლეგიტიმური კითხვები, რომელსაც პასუხები უნდა გაეცეს. დოკუმენტაციის დიდი ნაწილი, რომელსაც მალავდნენ და არ ასაჯაროებდნენ, საზოგადოებისთვის ძლივს, ბრძოლის შედეგად გახდა ცნობილი. აი, ეს არასაჯაროობა, დამალვა, ფრაგმენტულობა და პასუხგაუცემელი კითხვები უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ექნება თუ არა აზრი პარლამენტში ახალი პლატფორმის შექმნას მაშინ, როცა აქციის მონაწილეები საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ეს ახალი პლატფორმა არ არის და „ლელო“ ველოსიპედს არ იგონებს.
„ეს არის ის, რისთვისაც პარლამენტი და საპარლამენტო ზედამხედველობა არსებობს. ეს არის კანონით გაწერილი ფორმატი და ჩვენ, ოპოზიციას სრული უფლება და მეტიც, ვალდებულება გვაქვს, დავიბაროთ აღმასრულებელი ხელისუფლება, კითხვები დავუსვათ და პასუხები მივიღოთ ყველა აქტუალურ საკითხზე, რაც საზოგადოებას აწუხებს. მათ უნდა გაგვცენ პასუხები. ის პასუხები, რომელსაც არ კადრულობენ, მოქალაქეებს გასცენ. რაც შეეხება „რიონის ხეობის მცველებს“, ისინი ჩვენი ადრესატები არ არიან და არც ჩვენ ვართ მათი პრეტენზიების ადრესატები. პრეტენზიების ადრესატი ხელისუფლებაა. ვისაც ჩვენ ვიბარებთ, არიან არა „ხეობის მცველები“, ან ვინმე სხვა დაინტერესებული პირი, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლები. ჩვენ აღმასრულებელ ხელისუფლებას ვიბარებთ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, საკითხი ასე დგას, რომ სამუშაოები გაგრძელდეს და თან, რაღაცების შესწავლა მოხდეს, რაც ხელისუფლების მხრიდან თვალთმაქცური დამოკიდებულებაა.
„მაშინ, რა აზრი აქვს შესწავლას? ამიტომ, სწრაფად და ეფექტურად უნდა მოხდეს შესწავლა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „გეზეშე“ საერთაშორისო სტანდარტებით უნდა ჩატარდეს.