ანა ნაცვლიშვილი - მუქარის წერილის საქმე აშიშვლებს მთელ სისტემას და აჩვენებს, როგორ იმართება დღეს ქართული სახელმწიფო
მუქარის წერილის საქმე აშიშვლებს მთელ სისტემას და აჩვენებს, როგორ იმართება დღეს ქართული სახელმწიფო, – ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პროკურატურასთან განაცხადა, სადაც მამუკა ხაზარაძესთან ერთად ე.წ. მუქარის წერილის დედნისა და ექსპერტიზის პასუხების ჩასაბარებლად მივიდა.
„როდესაც ეს წერილი და ამბავი გასაჯაროვდა, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ ეს იყო ფარატინა ფურცელი. დღევანდელი დღე არის დასტური, რომ ეს პოლიტიკური, ორკესტრირებული შეტევა დაიწყო სწორედ ამ წერილის მეშვეობით. წერილი არის საქართველოში, ის ახლა უკვე აქვს პროკურატურას. არამხოლოდ წერილი, არამედ ინგლისის ოფიციალური ბიუროს მიერ გაშიფრული ანაბეჭდები, რომლებიც ამ წერილზე იყო და არის დაფიქსირებული“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძემ თავისი პირობა შეასრულა და მან მოიტანა ოფიციალური დასკვნა, რომ ამ წერილზე არის თითის ანაბეჭდები.
„ახლა უკვე მთელი პასუხისმგებლობა, როგორც კანონის, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით აკისრია ხელისუფლებას, რომ ეს საქმე იყოს გამოძიებული და იყოს ბოლომდე მიყვანილი. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩვეულებრივი და რიგითი სისხლის სამართლის საქმე. ეს არის პოლიტიკური დევნის საქმე, რომელშიც ჩართულია ხელისუფლება და ამ წუთიდან მათ აღარანაირი ფორმალური საფუძველიც აღარ რჩებათ, რითი გაამართლებენ გამოძიებაზე და კონკრეტული პირების გამოაშკარავებაზე უარის თქმას. ახლა უკვე ჩვენ დაველოდებით საქართველოს პროკურატურის გამოძიებას და შედეგებს პოლიტიკური დევნის საქმეზე. ეს საქმე აშიშვლებს მთელ სისტემას და აჩვენებს, როგორ იმართება დღეს ქართული სახელმწიფო“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.