ანა ნაცვლიშვილი - არასამთავრობოებთან ვიმსჯელეთ, რა არის კონკრეტულად გასაკეთებელი, რომ 12 პუნქტი რეალურად შესრულდეს
ანა ნაცვლიშვილი - არასამთავრობოებთან ვიმსჯელეთ, რა არის კონკრეტულად გასაკეთებელი, რომ 12 პუნქტი რეალურად შესრულდეს

ვიმსჯელეთ კონკრეტულად რა არის გასაკეთებელი, რომ ეს 12 პუნქტი რეალურად შესრულდეს და ამ შესრულებამ საქართველო მიიყვანოს დასავლურ მიზანთან, რასაც ითხოვს და მოითხოვს ქართველი ხალხი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის ხედვის დიდი ნაწილი სრულ თანხვედრაშია ოპოზიციის ხედვებთან.

„არასამთავრობოების ამ ჯგუფს აქვს წარმოდგენილი საჯაროდ თავისი ხედვა. ამ ხედვის ძალიან დიდი ნაწილი სრულ თანხვედრაშია ჩვენი ხედვის მთავარ საკითხებთან. აქ სერიოზული თანხვედრაა მოსაზრებების და ეს ადასტურებს იმას, რომ ვისაც საქმიანი და კონკრეტული მიდგომა უნდა, ბევრი გასარჩევი არ არის რა უნდა გაკეთდეს. მთავარი საკითხია პოლიტიკური ნება და ამ პოლიტიკური ნების არარსებობა ხელისუფლების მხრიდან ქმნის პრობლემას. მთავარი ამოცანა არის, როგორ უნდა შეიქმნას პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ ეს რეფორმები განხორციელდეს. აქ თავის როლი აქვს ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას, თავისი მნიშვნელოვანი როლი აქვთ მოქალაქეებს, რომლებიც 10 ათასობით გამოვიდნენ რუსთაველზე და ძალინ მშვიდობიანად დააფიქსირეს, რა სურთ. ეს პროცესი საბოლოო ჯამში უნდა მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ მიიწვიეს „გირჩი“ და „მოქალაქეები“ შეხვედრაზე, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ  არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფთან შეხვედრისთვის.

„არ ვფიქრობ, რაიმე პრობლემაა ამ მიმართულებით. არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ სრული მზაობა, რაც მათ შეხვედრაზეც დააფიქსირეს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს თუ დაინტერესებულ პოლიტიკურ პირს შეხვდნენ, მათი მხრიდან ღიაობა არის“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.