ანა ნაცვლიშვილი - მმართველი გუნდი ჯიუტად უარყოფდა არსებულ ძალიან მწვავე პრობლემებს
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მთელი ხუთი წლის განმავლობაში პრეზიდენტის მხრიდან სახელისუფლებო გუნდს არაერთხელ სხვადასხვა ფორმებით, ძალიან ღიად და მკაფიოდ არაერთი რეკომენდაცია გაეგზავნა, რომ ქვეყანაში მთელი რიგი მიმართულებით სერიოზული პრობლემები იყო და მმართველი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები არასწორი და აცდენილი იყო იმ საჭიროებებს, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობას ჰქონდა.
„ბოლო შემთხვევას შეგახსენებთ, როდესაც ძალიან რთული ვითარება შეიქმნა და ნათელი იყო, რომ სახელისუფლებო გუნდი რეალობას სრულიად აცდენილი იყო. მმართველი გუნდი კი ჯიუტად უარყოფდა არსებულ ძალიან მწვავე პრობლემებს. სწორედ ამ ვითარებაზე სამსჯელოდ პრეზიდენტმა მთავრობის მეთაურს მიმართა, რომ მთავრობის სხდომაზე, საკონსტიტუციო ფორმატში ამ საჭირბოროტო თემებზე შესაბამისი განხილვა ყოფილიყო. ამის საპასუხოდ მთავრობის მხრიდან სრულიად არაადეკვატური პასუხი იყო. პრეზიდენტის ეს მიმართვა ბატის ფრთით და პაპირუსის ქაღალდზე უნდა ყოფილიყო. ესეც აჩვენებდა, რომ სახელისუფლებო გუნდი რეალობას სრულიად მოწყვეტილი იყო და ამის გამოძახილია შედეგი, რომელიც არჩევნებზე დადგა“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.