ანა ნაცვლიშვილი - „ლელოსთვის“ მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელია, რის ირგვლივ გავერთიანდებით, რა ღირებულებებით, ამ ღირებულებებს ზურგს უნდა უმაგრებდეს სიტყვა და საქმე
ანა ნაცვლიშვილი - „ლელოსთვის“ მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელია, რის ირგვლივ გავერთიანდებით, რა ღირებულებებით, ამ ღირებულებებს ზურგს უნდა უმაგრებდეს სიტყვა და საქმე

ნიკა მელიამ გააკეთა განცხადება, მე როგორც გავიგე, ის რჩება პარტიაში, აქ კითხვის ნიშანი არ არის ნიკას მხრიდან და ამ პირობებში, როდესაც ადამიანმა განმარტა, რომ ის პარტიაში რჩება და იქ ბრძოლას აგრძელებს, კორექტული არ მგონია, მე ვისაუბრო, რა არის მისი გეგმები, – ასე უპასუხა პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, ვინ იყო ადრესატი „ლელოს“ ლიდერის მოწოდებისა – გაერთიანების დროა, რომელიც მან ლევან ხაბეიშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არჩევიდან მალევე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა და შესაძლოა თუ არა, ეს იყოს ნიკა მელია, რომელთანაც კოალიციური თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ვისთან გაერთიანების დროს ხედავს ახლა მამუკა ხაზარაძე, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ყველასთან, ვისაც ისეთი ხედვა აქვს, როგორიც „ლელოს“ – ორიენტაცია მომავალზე და ორიენტაცია ადამიანებზე.

„იმ პოლიტიკურ ძალებთან, ვისაც ექნება მსგავსი ღირებულებები. არ ვიცი, ეს პოლიტიკური ძალები თავად იტყვიან, ვისაც აქვს ასეთი ღირებულებები და მოხდება თანხვედრა. საბედნიეროდ, „ლელო“ არ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს სურვილიც და უნარიც, საქართველო ევროკავშირისკენ ატაროს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, „ლელოს“ მომავალი პარტნიორი გახდეს ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ალიანსი და მათთან მოხდეს საერთო კოორდინაციაზე ან კოალიციური ერთობის შექმნაზე მოლაპარაკებების წარმოება, ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ „ლელო“ ამ ალიანსის წევრი არ არის, მაგრამ მათთან კოორდინაცია და საუბარი შეიძლება, რადგან ისინი ასევე დასავლური მიმართულების მქონე პოლიტიკური ძალები არიან, შეიძლება, იყოს რამდენიმე სხვა, ცალკე აღებული ლიდერი პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, ეს საერთო დასავლური ფრონტია და ამ ფრონტზე ყველა ადამიანი ღირებულია.

„ალიანსს რაც შეეხება, ეს სხვა კატეგორიის საკითხია და ამას „ლელო“ არ განიხილავს. მათ შორის, არ განიხილავს იმიტომ, რომ ახლა, „ლელოს“ პრიორიტეტი არის საკუთარი ძლიერი, დემოკრატიული პარტიული მექანიზმების შექმნა. ამის გარეშე არჩევნებში გამარჯვება შეუძლებელია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, „ლელოსთვის“ მნიშვნელოვანია, რის ირგვლივ გაერთიანდება ოპოზიცია,

„ახალი პოლიტიკა და ამ პოლიტიკის ირგვლივ გაერთიანების თემა არის ძალიან ნათელი გამოსავალი იმ მძიმე კრიზისიდან, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. არ მგონია, ეს იყოს წარმოუდგენელი ან არაბუნებრივი რეცეპტი, რომელიც პოლიტიკური ლიდერის მხრიდან იქნა შემოთავაზებული. პირიქით. ეს არის ხედვა, რომელიც აქვს „ლელოს“ და მნიშვნელოვანია, ამ ხედვის ირგვლივ ვინც გაერთიანდება, ვინც გამოგვყვება და იზიარებს ამ ღირებულებებს. ან ჩვენ გავყვებით, ამის პრობლემა არ გვაქვს. ხომ არის ეგო, ვინ ვისთან მივა, შენ მიხვედი, თუ ის მოვიდა?! ჩვენ არ გვაქვს ამის კომპლექსი. „ლელოსთვის“ მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი არის, რის ირგვლივ გავერთიანდებით, რა ღირებულებებით და ამ ღირებულებებს ზურგს უნდა უმაგრებდეს სიტყვა და საქმე. ეს არ არის მარტივი, მაგრამ ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეკითხვაზე, შეუერთდება თუ არა „ლელო“ საპარლამენტო ბოიკოტს, თუ „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ საკითხზე შეთანხმდებიან, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ „ლელო“ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს გუნდურად იღებს და გუნდს ამ საკითხზე არ უმსჯელია, თუმცა, მისი პირადი აზრით, თუ პოლიტიკაზე ამბიციის მქონე ადამიანთა არსენალში გამოსავლად ან პოლიტიკურ სვლად არის ერთადერთი რამ, რომ თვეების განმავლობაში მუდმივად იყოს საუბარი პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე, თუ გაბუტვა-არგაბუტვაზე, ეს ახალი პოლიტიკა არ არის.