ანა ნაცვლიშვილი - „ლელოს“ მზად აქვს გეგმა, როგორ შევასრულებთ ევრორეკომენდაციის ცხრავე პუნქტს უნაკლოდ, ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელიწადში
„ლელოს“ მზად აქვს გეგმა, როგორ შევასრულებთ ევრორეკომენდაციის ცხრავე პუნქტს უნაკლოდ, ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელიწადში, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს გეგმა ხვალ გახდება საჯარო.
„ამ გეგმას გავასაჯაროებთ, წარმოვადგენთ პარლამენტში ხვალ, 15:00 საათზე და ყველას გიწვევთ. „ქართულმა ოცნებამ“ 18 თვე დახარჯა არა ევროპული რეფორმების გატარებაში, არამედ ევროპის საწინააღმდეგო დეზინფორმაციულ კამპანიაში. მათი მიზანი და ამოცანა არასდროს ყოფილა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. „ქართული ოცნება“ ემსახურება რუსეთს, „ლელო“ – საქართველოს. სერიოზულად და სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით იმ ისტორიულ შანსს, რომელიც მიეცა ჩვენს ქვეყანას. ასეთი შანსი საუკუნეში ერთხელ ჩნდება. ამიტომ ახლა არ არის ნახევარზომების, იმიტირებული პროცესებისა და კომისიების დრო. ახლა არის სწრაფი, გადამწყვეტი ნაბიჯების დრო, რომ საქართველო სწრაფად წავიდეს წინ, ევროპისკენ, გახდეს სრულუფლებიანი წევრი და აღარასდროს დაბრუნდეს რუსულ ორბიტაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ემსახურება.
როგორ შევასრულებთ ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელიწადში ყველა რეფორმას, ამის შესახებ პრეზენტაციას წარმოგიდგენთ ხვალ. რეფორმები არ არის რთული გასატარებელი, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს ამის მიზანი, ამიტომ არ აქვთ რეალური გეგმა, არ ქმნიან რეალურ პროცესს, რომ ქვეყანა წაიყვანონ ევროკავშირისკენ. შესაბამისად, მათი მიზანი არის არა საქართველოს, არამედ რუსეთის მსახურება. სხვათა შორის, ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს იმ ოთახში მიმდინარეობს შეხვედრა, სადაც რუსული კანონი იყო განხილული. გახსოვთ, როგორი მძიმე პროცესები ვითარდებოდა ამ ოთახში. ეს ხელისუფლება არასდროს გადადგამს რეალურ ნაბიჯებს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც „ლელოს“ წარმომადგენლები არ ესწრებიან.