ანა ნაცვლიშვილი - კობახიძე რასაც აკეთებს, კარგად მოფიქრებული, კრემლში დაწერილი დეზინფორმაციაა
კობახიძე რასაც აკეთებს, სტრუქტურირებული, გამიზნული, კარგად მოფიქრებული, კრემლში დაწერილი დეზინფორმაციაა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა… – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.
„ერთი შეხედვით, ადამიანებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ ირაკლი კობახიძეს სჭირდება სამედიცინო დახმარება ან ეს თემა გადავიდეს იუმორის ჟანრში, თუმცა კობახიძე რასაც აკეთებს, სტრუქტურირებული, გამიზნული, კარგად მოფიქრებული, კრემლში დაწერილი დეზინფორმაციაა, რომელიც იმდენად აბსურდულია, რომ შესაძლოა, ადამიანებს სიცილისკენ ან სამედიცინო ჟანრისკენ უბიძგოს. სწორედ ეს არის რუსული დეზინფორმაცია, რომელიც წარმოუდგენელ ბოდვად, აბსურდად ჩანს, მაგრამ მას ძალიან შორს მიმავალი და მავნებლური მიზნები აქვს ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებით. კრემლის დეზინფორმაციის გამავრცელებელი კობახიძე არ არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ის არის კრემლის პროპაგანდისტი, რომელსაც მოუწევს, არჩევნების გზით ძალაუფლებას დაემშვიდობოს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.