ანა ნაცვლიშვილი „კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრებს შეხვდა
ანა ნაცვლიშვილი „კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრებს შეხვდა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრებთან შეხვედრაზე გამოითქვა დასაბუთებული მოსაზრებები, რა პრობლემებს შეიცავს მაუწყებლობის შესახებ კანონი.

მისი თქმით, მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამოცხადების ბოლო ვადა 15 იანვარია.

„ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, 15 იანვარი არის ის თარიღი, როდესაც პრეზიდენტი კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ახლა მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. ამ სამუშაო პროცესის შემადგენელი ნაწილია შეხვედრა მედიაკოალიციასთან. მათ გამოხატეს ეს სურვილი და ჩვენ, ბუნებრივია, ღია ვართ ამ თუ სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან შეხვედრისთვის.

ასე რომ, თუ იქნება დამატებითი ინტერესი სხვა ჯგუფებში ამ თუ სხვა კანონთან მიმართებით, ღია ვართ, მსგავსი შეხვედრები გავმართოთ.

იყო გამოთქმული გარკვეული მოსაზრებები, რომლებიც არის საკმაოდ დასაბუთებული, თუ რა პრობლემებს შეიცავს აღნიშნული კანონი. ამ ყველა საკითხს ჩვენ გავივლით პრეზიდენტთან და სწორედ ამ განსჯის საფუძველზე იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.