ანა ნაცვლიშვილი - ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რომ საქართველო როგორმე საერთაშორისო პარტნიორებს ჩამოშორდეს და ევროკავშირის კარი ჩაიკეტოს
პარტია „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზანია, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.
მისივე თქმით, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რომ საქართველო როგორმე საერთაშორისო პარტნიორებს ჩამოშორდეს.
„მთავარი წინაღობაა, რომ ხელისუფლება რეფორმებს არ ახორციელებს, მეორე მხრივ კი, კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს ისეთ ნაბიჯებს დგამს, როგორიცაა პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება, რისი არგუმენტიც არ აქვთ. იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანაში თავადაც ეჭვი ეპარებათ და ამბობენ, რომ მათ პროცედურა იმიტომ არ წამოიწყეს, რომ შედეგი დადგეს. ეს ნაბიჯი, ისევე, როგორც სხვა ნაბიჯები გადადგმულია იმისთვის, რომ ხელისუფლების გამოისობით და რუსული ამოცანის მიღწევის მიზნით, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. დღეს საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ რეფორმებს ხელოვნურად აბრკოლებს, დემოკრატიულ პროცესებს ხელოვნურად ებრძვის და ცდილობს, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებს დააშოროს.
ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რომ რუსეთის დაკვეთა შესრულდეს და საქართველო როგორმე საერთაშორისო პარტნიორებს ჩამოშორდეს და საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ჩაიკეტოს. მთავრობას პასუხი არ აქვს და ვერ ასაბუთებს, რატომ ცდილობდა პრეზიდენტისთვის ხელი შეეშალა, წასულიყო ევროპის სახელმწიფოებში და ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის სასარგებლო ტურნე განეხორციელებინა. მთავრობა ვერ პასუხობს კითხვას, თავად რატომ არ დგამს ნაბიჯებს, რაც ქართველი ხალხის ინტერესებს სათანადო ლობირებასა და ადვოკატირებას გაუწევს. ნათელია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წამოწყების ერთადერთი ამოცანაა გზავნილი, ერთი მხრივ, მოსკოვთან, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელი, რათა საქართველოს ევროპული გზა დააკარგვინონ, და გზავნილი ბრიუსელთან, რომ ეს არ არის მთავრობა, რომელსაც ქვეყნის ევროინტეგრაცია მართლა სურს – ეს არის კრემლის დაკვეთების შემსრულებელი მთავრობა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.