ანა ნაცვლიშვილი - კელი დეგნანის ძალიან მკაფიო განცხადება კიდევ ერთი შეხსენებაა მმართველი გუნდისთვის, რომ სასამართლოს მიმართულებით აღებული ვალდებულება უნდა შეასრულოს
ანა ნაცვლიშვილი - კელი დეგნანის ძალიან მკაფიო განცხადება კიდევ ერთი შეხსენებაა მმართველი გუნდისთვის, რომ სასამართლოს მიმართულებით აღებული ვალდებულება უნდა შეასრულოს

კელი დეგნანის ძალიან მკაფიო განცხადება კიდევ ერთი შეხსენებაა მმართველი გუნდისთვის, რომ მან უნდა შეასრულოს პირობა, რომელიც სასამართლოს მიმართულებით აიღო, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმებაში ცხადად წერია, რომ რეფორმების განხორციელებამდე მოსამართლეთა დანიშვნები უნდა შეჩერდეს. მისივე თქმით, ამ პირობის არ გათვალისწინება „ქართულ ოცნებას“ მძიმე პოლიტიკური ფასი დაუჯდება.

„სასამართლო არის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი 19 აპრილის შეთანხმებაში. 19 აპრილის შეთანხმებაში ასევე ძალიან ცხადად წერია მოვლენათა ის თანმიმდევრობა, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ჯერ უნდა განხორციელდეს რეფორმები, დანიშვნები ამ პერიოდის განმავლობაში უნდა შეჩერდეს. როდესაც კანონი შეიცვლება, ამის შემდეგ თავიდან ჩატარდეს საკადრო გადაწყვეტილებები უზენაეს სასამართლოსთან და საბჭოსთან მიმართებაში. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ეს ძალიან ღია, მკაფიო და კონკრეტული განცხადება კიდევ ერთი შეხსენებაა მმართველი ძალისთვის, რომ მან უნდა დაიცვას 19 აპრილის შეთანხმება და შეასრულოს ის პირობა, რომელიც ამ მიმართულებით აიღეს.

ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი, სამართლებრივი თუ პოლიტიკური პროფილის მქონე საქართველოს მეგობარი მიუთითებს ხელისუფლებას იმაზე, რომ 19 აპრილის შეთანხმება უნდა შესრულდეს.

კელი დეგნანის განცხადება ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან სერიოზული პოლიტიკური ფასი დაუჯდება „ქართულ ოცნებას“ ამ თანმიმდევრობის დარღვევა. ამერიკის შეერთებული შტატები სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც ათწლეულებია საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს გაძლიერებისთვის და კერძოდ სასამართლოს შესაქმნელად ამ ქვეყანაში მილიონებს და ძალიან დიდ დროს ხარჯავს. ის დღეს საქართველოში მთავარი პარტნიორია სასამართლოს რეფორმებში და მისი ამ გზავნილის არ გათვალისწინება იქნება უმძიმესი პოლიტიკური ფასის მატარებელი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, პარლამენტს ახლა აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, როგორც კონსტიტუციით, ისე 19 აპრილის შეთანხმებით, რომ შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი.