ანა ნაცვლიშვილს იმედი აქვს, რომ პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარს არ დაუჭერს
იმედი გვაქვს, პარლამენტი არ დაუჭერს მხარს სერიოზული საფრთხეების დაკანონებას და უკან გადადგმულ ნაბიჯს, – ეს განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით დღეს ბათუმში გააკეთა, სადაც პრეზიდენტის მოსაზრებებს და კანონპროექტზე გამოყენებული ვეტოს მიზეზებს სამოქალაქო საზოგადოების წევრებს აცნობს.
„ეს კანონი შეიცავს ძალიან დიდ რისკებს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის თვითონ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის სტანდარტს, მეორე მხრივ კი მედიაპლურალიზმს და კერძო მედიასაშუალებებს, რაც, საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნის მოქალაქეებს და მათ ინტერესებს დააზიანებს. ასევე, სერიოზული კორუფციული გარიგებების საფრთხეებს გააჩენს ეს კანონპროექტი, თუ საბოლოოდ ამ სახით იქნება მიღებული. სწორედ ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე დაადო ვეტო პრეზიდენტმა კანონპროექტს და იმედი გვაქვს, რომ როდესაც პარლამენტი მიუბრუნდება განხილვას, კიდევ უფრო სიღრმისეულად განიხილავს საფრთხეებს, რომელსაც კანონპროექტი შეიცავს და საბოლოოდ არ დაუჭერს მხარს ამ სერიოზული საფრთხეების დაკანონებას და უკან გადადგმულ ნაბიჯს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში უკვე შევიდა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს გადაეგზავნა. პარლამენტს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განსახილველად 15 დღიანი ვადა აქვს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს 15 იანვარს ვეტო დაადო.