ანა ნაცვლიშვილი - გუშინ იყო კარგად ორგანიზებული, სასტიკი და დანაშაულებრივი შეტევა მედიის წინააღმდეგ, ეს ყველაფერი იყო დაგეგმილი
ანა ნაცვლიშვილი - გუშინ იყო კარგად ორგანიზებული, სასტიკი და დანაშაულებრივი შეტევა მედიის წინააღმდეგ, ეს ყველაფერი იყო დაგეგმილი

გუშინ იყო კარგად ორგანიზებული, სასტიკი და დანაშაულებრივი შეტევა მედიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, გუშინ განვითარებული მოვლენები იყო არა სპონტანური ძალადობა, არამედ წინასწარ დაგეგმილი, რათა დაესაჯათ მედია.

„გუშინ იყო კარგად ორგანიზებული, სასტიკი და დანაშაულებრივი შეტევა მედიის წინააღმდეგ. ეს იყო კარგად დაგეგმილი დანაშაული, ეს არ იყო სპონტანური ძალადობის ფაქტები. ყველაფერზე, რაც გუშინ ვიხილეთ, მითითება იყო გაცემული, რომ კარგად დაესაჯათ და ჭკუა ესწავლებინათ მედიისთვის. ეს იყო ხილული და ნათელი. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ადეკვატურობის მოლოდინი არ გვაქვს, უზრუნველყოფთ წნეხს, რათა ძალადობის თითოეული ფაქტი იყოს გამოძიებული და შესაბამისმა პირებმა პასუხი აგონ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელისუფლებას თავს დაატყდეს უზარმაზარი წნეხი და გამოძიება აწარმოოს, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.

შსს-მ რუსთაველის გამზირზე აქციისას მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავა.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.