ანა ნაცვლიშვილი - გიორგი მარგველაშვილის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ მიმაჩნია, რომ ახლა ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ირგვლივ უნდა საუბრობდეს
პარტია „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ახლა ოპოზიციის წინაშე ორი მნიშვნელოვანი ამოცანა დგას.
„ერთია, რომ საქართველოს წინაშე არ დაიხუროს ისტორიული ფანჯარა – ჯერ კანდიდატის სტატუსის მიღების და შემდეგ – წევრობის. ამას სჭირდება ყოველდღიური და ძალიან სერიოზული მუშაობა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.
მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა არის მზადება არჩევნებისთვის, რომელიც არცთუ ისე შორს არის. იმ არჩევნების პირობებში, როდესაც სისტემა იცვლება და ბევრი სიახლე შემოდის, მიმაჩნია, ოპოზიციამ ერთი საათიც არ შეიძლება, დაკარგოს და ყველანი კალენდრულად განსაზღვრული არჩევნებისთვის უნდა მოვემზადოთ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხს, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ეს პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის.
„ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ან არდანიშვნა პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის. ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების მდგომარეობას ქმნის საზოგადოებრივი განწყობები. ასეთი საზოგადოებრივი განწყობები თუ იარსებებს, ჩვენ ვიქნებით მზად. გიორგი მარგველაშვილის მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის, სიყვარულის მიუხედავად, ამ მოცემულობაში არ მიმაჩნია, რომ ვადამდელი არჩევნები არის თემა, რომლის ირგვლივაც ახლა ოპოზიცია უნდა საუბრობდეს. 12 პუნქტი და 2024 წლის არჩევნებში გამარჯვება – ამისთვის ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს გასაწევი. ამ სამუშაოს ძალიან დიდი ნაწილი ეკრანებზე არ ჩანს, არჩევნებში მონაწილე ყველა ადამიანმა და ყველა პარტიამ ვიცით, რომ ეს იქნება ძალიან მძიმე ბრძოლა, რისთვისაც ჩვენ გვჭირდება მზაობა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.