ანა ნაცვლიშვილი - გიორგი გიორგანაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტი კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედებს
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი არ აკონკრეტებს, მიღებული აქვს თუ არა გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი გიორგანაშვილის შეწყალების თაობაზე, თუმცა აღნიშნავს, რომ გიორგი მარგველაშვილი იმოქმედებს კონსტიტუციის შესაბამისად.
„კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან ეს მისი პრეროგატივაა, მაგრამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე მიღებული გადაწყვეტილება სისტემურ პრობლემას ვერ გამოასწორებს. აქ არ არის საუბარი ერთ ადამიანზე, რომელიც გახდა ამ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მსხვერპლი. აქ საუბარია ათობით და ასობით მოქალაქეზე. ბევრი ადამიანი, რომელიც არ არის ცნობილი, მაგრამ არის ამ ქვეყნის მოქალაქე, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია არსებული ნარკოპოლიტიკის პირობებში. ამიტომ ამას სჭირდება სისტემური რეფორმა და ფრაგმენტული ჩარევები პრობლემას ვერ მოაგვარებს“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება მსახიობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა.